ირაკლი ღარიბაშვილი - ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქვეყნისთვის, იგი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინების, დაცვის საქმეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანსამბლ „ერისიონის“ მთავარი დირიჟორის, ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„დიდ გულისტკივილს გამოვთქვამ ცნობილი მომღერლისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო.
მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეულმა ყველასათვის საყვარელმა მომღერალმა და არტისტმა ჯემალ ჭკუასელმა მდიდარი შემოქმედება დაგვიტოვა მემკვიდრეობად. იგი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინების, დაცვისა და განვითარების საქმეს. ჯემალ ჭკუასელის ხელმძღვანელობით, ანსამბლმა „ერისიონმა“ მსოფლიოს გააცნო უნიკალური ქართული კულტურა და აღიარება მოუტანა ჩვენს ქვეყანას.
ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქვეყნისთვის. მთელი გულით თანავუგრძნობ განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ქართული ფოლკლორი“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
86 წლის ასაკში ანსამბლ „ერისიონის“ მთავარი დირიჟორი, მომღერალი ჯემალ ჭკუასელი გვიან ღამით გარდაიცვალა.