ირაკლი ღარიბაშვილი - ჯარისკაცებზე ზრუნვა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ყველა ბაზა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, ჯარისკაცებს ღირსეულ პირობებში უწევთ მსახურება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჯარისკაცებზე ზრუნვა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ღარიბაშვილის თქმით, ამ მიმართულებით მთავრობამ არაერთი პროექტი განახორციელა, ყველა ბაზის განახლება დასრულდა და პროექტები გრძელდება.
„ჩვენ დავიწყეთ ახალი ბაზის მშენებლობა მუხროვანში, 70 მილიონი ლარის ღირებულების. ასეულობით მილიონი ლარი ბოლო სამ წელიწადში იქნა მიმართული ამ კუთხით. ყველა ბაზა მოეწყო თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ჩვენს ჯარისკაცებს ღირსეულ პირობებში უწევთ მსახურება, ქვეყნის დაცვა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა ანგარიშის წარდგენისას.
ამასთან, პრემიერმა ყურადღება გაამახვილა სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმასა და ჯარის გაძლიერებაზე.
„დაახლოებით რამდენიმე თვეში, ახალი კოდექსის მიხედვით, ჩვენ დავიწყებთ უკვე სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის განხორციელებას. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება. მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო „გირჩის“ მიერ შემუშავებული ე.წ. პროგრამა, რომელიც ათასობით ჩვენს ახალგაზრდას აძლევდა საშუალებას, თავი აერიდებინათ სავალდებულო სამსახურისთვის.
ეს იყო მოუგვარებელი პრობლემა, მათ ნახეს კანონმდებლობაში გარკვეული სიცარიელე და ათი ათასზე მეტმა ახალგაზრდამ თავი აარიდა სავალდებულო სამსახურს, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. ამიტომ ჩვენ ეს პრობლემა გადავწყვიტეთ. ახალი კოდექსი მიღებისთანავე ამოქმედდება და ამ პრობლემას გადაჭრის. ჩვენ ასევე შევიმუშავეთ სამხედრო სამსახურის ეფექტიანი სისტემა. პროგრამა იქნება 6-თვიანი, 8-თვიანი, 11-თვიანი, იმის მიხედვით, ვინ როგორ კარიერას აირჩევს. რა თქმა უნდა, ეს იქნება ინტენსიური საბრძოლო სამხედრო, ასევე, თეორიული მომზადება.
გრძელდება ჩვენი ჯარის გაძლიერება, ჩვენ ამ მიმართულებით უკვე ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურად ვახორციელებთ თანამედროვე შეიარაღების სისტემების შეძენას. მიმდინარეობს როგორც ანტისატანკო, ასევე საჰაერო თავდაცვის განახლება. ჩვენ უკვე რამდენიმე თვეში გავხსნით და ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადავცემთ ბინებს. ეს არის ჯარის ქალაქის პროექტი, რომელიც სულ რაღაც ორ წელში განვახორციელეთ. ასევე, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სამხედრო ავიაციის გაძლიერების, საფრენი აპარატების რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მიმართულებით, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების გაძლიერების მიმართულებით. ჩვენ ვმუშაობთ ცნობილ კომპანია „რაფაელთან“, მიმდინარეობს წარმოებული სისტემების განახლება-მოდერნიზაცია, ახალი სისტემების შეძენა. ასევე, ჩვენ დავიწყეთ M4 ტიპის ავტომატური შაშხანების წარმოება, ახლა აქტიურად მიმდინარეობს აღნიშნული შაშხანების შემოწმება. პოლონურ კომპანიასთან ერთად, ჩვენ ვიწყებთ დრონების წარმოებას. რამდენიმე თვეში დავიწყებთ დრონების წარმოებას, ქვეყანაში შეიძლება რამდენიმე ათასი დრონის წარმოება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.