ირაკლი ღარიბაშვილი - ჯარი, ეკლესია, პოლიცია არის ხელშეუხებელი, ძალიან მწყინს, რომ ოპონენტებს ასეთი დესტრუქციული პოლიტიკა აქვთ
ირაკლი ღარიბაშვილი - ჯარი, ეკლესია, პოლიცია არის ხელშეუხებელი, ძალიან მწყინს, რომ ოპონენტებს ასეთი დესტრუქციული პოლიტიკა აქვთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თავდაცვის მინისტრად მუშაობა მისთვის დიდი პატივი იყო.

„ერთი წლის წინ, ამ ტრიბუნიდან გავაკეთე განცხადება, რომ პრემიერ-მინისტრობისას სათანადო დრო, ყურადღება ვერ დავუთმე ჯარის განვითარებას და ზოგადად, ეს სისტემა ვერ შევიგრძენი ისე, როგორც საჭირო იყო. მადლობელი ვარ ჩვენი სამთავრობო გუნდის, ყოფილ პრემიერ-მინისტრის, თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, რომელმაც მომცა საშუალება, შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ მემსახურა, მემსახურა ჩვენი საამაყო ჯარისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან პარლამენტის ტრიბუნიდან თითოეულ ჯარისკაცს მადლობა გადაუხადა.

„გულწრფელი მადლობა ყველას – დაწყებული გენერლიდან, მეთაურიდან, რიგითამდე. მე ვარ უაღრესად ამაყი და ბედნიერი, ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, რომ ვიყავი თავდაცვის მინისტრი. ვიქრობ, ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ აღნიშნულ უწყებაში. მჯერა, ბატონი ბურჭულაძე ასევე წარმატებით გააგრძელებს ყველა იმ რეფორმას და საქმეს, რომელიც ერთად დავიწყეთ. კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ჯარი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ინსტიტუციაა. ჯარი, ეკლესია, პოლიცია, არის ხელშეუხებელი. მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, ჩვენ გვჭირდება საერთო ეროვნული კონსენსუსი,  მე ძალიან მწყინს დ არ მიკვირს, რომ ჩვენს ოპონენტებს ასეთი დესტრუქციული პოლიტიკა აქვთ. უნდა გავმიჯნოთ ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი უფრო მთავარი – ეროვნული იდეებისგან. არ შეიძლება მიზანმიმართული დისკრედიტაცია ჩვენი პოლიციის, ჩვენი ჯარის და ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე კარგად გაწვრთნილი, ყველაზე კარგად მომზადებული ჯარი ჰყავს.

„მინდა, აქედან კიდევ ერთხელ აღვნიშნო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარის მონაწილეობა საერთშორისო მისიებში, ავღანეთში. მოგეხსენებათ, ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის ვართ ხუთეულში, როგორც ნატო-ს არაწევრი ქვეყანა, ვართ პირველ ადგილზე ჩვენი სიდიდით და მონაწილეობით. პრაქტიკა, რომელიც ჩვენმა ჯარმა შეიძინა ავღანეთისა და ერაყის მისიებში, არის ფასდაუდებელი. ჯარის მიმართ ჩემი მხარდაჭერა გაგრძელდება, მათ ექნებათ ჩემი მაქსიმალური მხარდაჭერა, გვერდით დგომა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.