ირაკლი ღარიბაშვილი - ჯანდაცვის მინისტრი მუშაობს, დაწესდეს ზღვრული ფასები წამლებზე, რათა არც ერთ კომპანიას, იმპორტიორს ფასებით მანიპულირების საშუალება არ მიეცეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქართველოში თურქეთის ბაზარი გაიხსნა და ქვეყანაში ხარისხიანი თურქული წამლები შემოვიდა, მოქალაქეებმა 80 მილიონამდე დაზოგეს.
მისივე თქმით, ჯანდაცვის მინისტრი აქტიურად მუშაობს, რომ დაწესდეს ზღვრული ფასები მედიკამენტებზე, რათა არც ერთ კომპანიას, იმპორტიორს ფასებით მანიპულირების საშუალება არ მიეცეს.
„მოგეხსენებათ, ბოლო თვეების განმავლობაში წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი ინიციატივა, რომელიც ეხებოდა წამლების ფასების შემცირებას. მას შემდეგ, რაც თურქეთის ბაზარი გაიხსნა, შემოვიდა ხარისხიანი თურქული წამლები საქართველოში, ჩვენმა მოქალაქეებმა 80 მილიონ ლარამდე დაზოგეს. ანუ, ნაკლები გადაიხადეს წამლებში, ვიდრე ისინი გადაიხდიდნენ, რომ არ გაგვეხსნა თურქული ბაზარი. ამას გარდა, ზურაბ აზარაშვილი აქტიურად მუშაობს, რათა მეტად დავაზღვიოთ, რომ აღნიშნული ფასების გაზრდა ან რაიმე შეთანხმება არ მოხდეს. ახლა აზარაშვილი მუშაობს, დაწესდეს რეფერენტული ფასებიც, რომ არც ერთ კომპანიას, არც ერთ იმპორტიორს ფასებით მანიპულირების საშუალება არ მიეცეს, ან ერთმანეთს შორის შეთანხმებები არ მოხდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.