ირაკლი ღარიბაშვილი - ჯამში 7 000 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია მოხდა რვა წელიწადში, მომდევნო წლებში პრაქტიკულად ყველა გზა უნდა დავასრულოთ
მთლიანად ინფრასტრუქტურაში დაიხარჯება 32 მილიარდი ლარი. რეალურად, ჩვენ შევცვლით ჩვენი ქვეყნის მთლიან სურათს. მართლაც ევროპული ქვეყანა უნდა გავხადოთ საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, როლანდ ბერიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ ბოლო წლების განმავლობაში 150 კილომეტრი ჩქაროსნული მაგისტრალი დააგო, ორჯერ მეტი, ვიდრე იყო წინა მთავრობის დროს იმავე პერიოდში.
„ოთხი-ხუთი საათი დასჭირდება, მაგალითად, წითელი ხიდიდან სარფამდე ჩამოსვლას ახალი ჩქაროსნული მაგისტრალებით, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ. სხვათა შორის, ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ 150 კილომეტრი ჩქაროსნული მაგისტრალი დააგო ჩვენმა მთავრობამ ბოლო წლების განმავლობაში, ორჯერ მეტი, ვიდრე იყო წინა მთავრობის დროს, იმავე პერიოდში. ჯამში 7 000 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია, მოვლა შევძელით. 2 850 კილომეტრი ახალი გზა დაიგო, რეაბილიტირდა და ჯამში, 7 000 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია მოხდა ამ რვა წელიწადში. ამ პროცესს ვაგრძელებთ. ბოლო წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, პროგრესი გვქონდა და ახლა, მომდევნო წლების განმავლობაში, პრაქტიკულად, ყველა გზა უნდა დავასრულოთ. გეგმის მიხედვით, რომელიც შემუშავებული აქვს ირაკლი ქარსელაძეს, მოგახსენეთ, რომ 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება და ყველა რეგიონის განვითარებას თანაბრად მოხმარდება.
ამას გარდა, ვგეგმავთ, რომ ყველა სფეროს მიმართულებით, ჩვენი გეგმის მიხედვით გავაგრძელოთ წინსვლა და მშენებლობა. ჩემი დავალებით, მთავრობამ შეიმუშავა გრძელვადიანი განვითარების ხედვა. რა თქმა უნდა, ერთწლიანი, ორწლიანი და სამწლიანი გეგმები კარგია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ გრძელვადიანი ხედვა, საით მიდის ქვეყანა, რათა ჩვენს ხალხს ავუხსნათ და ხალხი ავიყოლიოთ, ამ ფერხულში ჩაებას ჩვენი მოსახლეობა, თუ საით მივდივართ, რა გეზი გვაქვს, როგორ მივაღწევთ იმ სამიზნე მაჩვენებელს, რომელიც, რა თქმა უნდა, მოიტანს კეთილდღეობას და მეტ დოვლათს შეაქმნევინებს ჩვენს მოსახლეობას ყველა მიმართულებით, იქნება ეს ჯანდაცვა, ეკოლოგია, განათლება, სპორტი, კულტურა, ინფრასტრუქტურაზე მოგახსენეთ, ადგილობრივი წარმოების, ეკონომიკის განვითარება. გვაქვს დეტალურად გაწერილი გეგმები და გრძელვადიანი ხედვა. რეალურად, 10-წლიანი გეგმა არის რეალისტური და ამ ინტენსიური მუშაობით, 10 წელიწადში შეგვიძლია, რომ მართლაც ევროპული ქვეყანა გავხადოთ ჩვენი ეს ულამაზესი საქართველო.
ქვეყანას სჭირდება მოვლა-პატრონობა. თუნდაც ქედაზე რომ ვისაუბროთ, თითოეულ შენობას სჭირდება მოფერება, მოვლა, პატრონობა, შენახვა, გზებსა და მოსახლეობას, რა თქმა უნდა, ბოლომდე უნდა დავუდგეთ მხარში. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება ყველა რეგიონს, ყველა ქალაქს და ყველა მუნიციპალიტეტს.
ვახსენე არც სახსენებელი და შემდეგ ომზეც ვისაუბრეთ. ამიტომ, ჩვენ კარგად ვიცით მშვიდობისა და ომის ფასი. ამიტომ, მშვიდობას უნდა გავუფრთხილდეთ, მეგობრებო, მშვიდობასა და სტაბილურობას, რომელიც არის ჩვენი შემდგომი განვითარების განმსაზღვრელი. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.