ირაკლი ღარიბაშვილი კუბილიუსის განცხადებაზე - ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია, ვიღაც მოგვიწოდებდეს, რომ კრიმინალი სააკაშვილი რაიმე ფორმით ჩაერთოს მოლაპარაკებაში
ეს არის შეურაცხმყოფელი განცხადება, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და ღიად განაცხადა, რომ იგი აღარ მონაწილეობს, აღარც აპირებს პოლიტიკაში ჩართვას, რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ჩართულობას, ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია, ვიღაც მოგვიწოდებდეს, რომ ეს კრიმინალი, არაერთ მძიმე დანაშაულში მხილებული, ბრალდებული და მისჯილი პიროვნება რაიმე ფორმით ჩაერთოს მოლაპარაკებაში, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას შეეხებოდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილი დღეს არის გაგდების პირას უკრაინაში, იგი გახვეულია კორუფციულ სკანდალებში და რასაც ის აკეთებს ყველაფერი არის დადგმული შოუ.
„ეს არის შეურაცხმყოფელი განცხადება, მე ასე ვიტყოდი. ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მან დატოვა პოლიტიკური თანამდებობაც, შემდეგ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობის პოსტი და ღიად განაცხადა, რომ იგი აღარ მონაწილეობს, აღარც აპირებს პოლიტიკაში ჩართვას, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. მეორე, რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ჩართულობას, ეს არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ ვიღაც, ვინც არ უნდა იყოს, არ მაინტერესებს აბსოლუტურად, მოგვიწოდებდეს ჩვენ, ეს კრიმინალი, არაერთ მძიმე დანაშაულში მხილებული, ბრალდებული და მისჯილი პიროვნება იქნას ფორმალურად ჩართული რაიმე ფორმით ამ მოლაპარაკებაში.
ჯერ ერთი, მინდა, შევახსენო ყველას, სააკაშვილი დღეს არის გაგდების პირას უკრაინაში, მას დღეს, თუ ხვალ გააგდებენ ალბათ და თქვენ ნახეთ ის კორუფციული სკანდალები, რომლებშიც იგი გაეხვა. მისი კორუფციული გუნდის ჩართულობით ყველა ის კორუფციული საქმე ამოუწიეს და დაიწყეს დევნა მისი გუნდის წევრების. მეორე – ის რეალურად არაფერს აკეთებს უკრაინაში და ეს ყველაფერი არის დადგმული შოუ, რასაც იგი აკეთებდა აქ, უარესობას აკეთებს იქ, რა თქმა უნდა, მცირე მასშტაბში და მესამე – სააკაშვილმა თავად, საკუთარი სურვილით განაცხადა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, კაცი, რომელიც 9 წელი იყო ქვეყნის პრეზიდენტი, რაზე მესაუბრებით საერთოდ, ეს საუბარი დავასრულოთ,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.