ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარეს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარეს მიკი ლევის შეხვდა.

საუბრის ძირითადი თემები იყო ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებული პოზიტიური დინამიკა და წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოებს შორის.

ხაზი გაესვა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, ასევე, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს.

აღინიშნა, რომ ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი საფუძველია დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე, რომელიც პირველ ივნისს აღინიშნება.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აფასებს ისრაელის სახელმწიფოს მტკიცე და ურყევ პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით.

ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთში შეხვედრის დაწყებამდე, მთავრობის მეთაურმა გვირგვინით შეამკო დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალი, ასევე საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე დაესწრნენ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.