ირაკლი ღარიბაშვილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ დარენ ტანგს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, აგრეთვე მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს.
პრემიერ-მინისტრმა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებაში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველომ წლების განმავლობაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების რეგიონული ჯგუფის მუშაობაში აქტიურად არის ჩართული და 2017 და 2021 წლებში წარმატებით დაასრულა აღნიშნული ჯგუფის კოორდინაცია. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ჯგუფის რეგიონული კოორდინატორის, მიღწევებსა და წარმატებულ საქმიანობას. აღინიშნა, რომ რეგიონული ჯგუფის კოორდინატორის რანგში, საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას მაღალი შეფასება მისცა ორგანიზაციის დელეგაციამ.
ასევე, აღინიშნა, რომ ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების რეგიონულ ჯგუფში მუშაობამ ევროკავშირის გამოცდილების გაზიარების ახალი შესაძლებლობები გააჩინა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების უკეთ შესრულებისთვის და საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებისთვის.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილე ჰასან კლეიბი, გარდამავალი და განვითარებული ქვეყნების დეპარტამენტის უფროსი ჰაბიპ ასანი და ჟენევაში, გაერო-ს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე ესწრებოდნენ.