ირაკლი ღარიბაშვილი - იმ ადამიანების 80 პროცენტს, რომლებიც იკრიბებიან „ნაცმოძრაობის“ ოფისში, 1990-იანებში მონაწილეობა აქვს მიღებული გადატრიალებაში, პუტჩში
თუ გადახედავთ იმ ადამიანების შემადგენლობას, ბიოგრაფიას, რომლებიც იკრიბებიან „ნაცმოძრაობის“ ოფისში, 80 პროცენტს მონაწილეობა აქვს მიღებული 1990-იანების გადატრიალებაში, პუტჩში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, იგივე ადამიანები საუბრობენ დღეს აგრესიულად, ზიზღის ენით, როდესაც ხელისუფლება მათ დესტრუქციულ პოლიტიკას ადეკვატურად პასუხობს.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, კანონი უნდა აღსრულდეს, ქვეყანაში იყოს წესრიგი და ყველას, ვინც გასულია კონსტიტუციური წესრიგიდან, ამ ჩარჩოებში დაბრუნება მოუწევს.
„მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ ამერიკაში კაპიტოლიუმის წინააღმდეგ მოხდა ორგანიზებული შტურმი და თავდასხმა, რომლის შედეგად, 150 ადამიანია დაპატიმრებული, ზოგიერთს უკვე მიესაჯა – ზოგს 40 წელი, ზოგს 50, ოთხი ადამიანი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. მეგობრებო, ჩვენ რაზე ვსაუბრობთ, 1990-იან წლებში ის უბედურება, კატასტროფა, რაც ჩვენს თავს დავმართეთ და დავუშვით პრეცედენტი ძალადობრივი გზით ხელისფულების დამხობის, ყველა უბედურება, რაც ხდება ქვეყანაში, არის იმის გამოძახილი, იმის ანარეკლი. ამის შემდეგ დავხოცეთ ერთმანეთი, დავკარგეთ ტერიტორიები, დავანგრიეთ ეკონომიკა, ინდუსტრია, ჯანდაცვა, განათლება. ახლა ეს ადამიანები იმ შულავერის კომიტეტში, რომლებიც იკრიბებიან „ნაცმოძრაობის“ ოფისში, თუ გადახედავთ მათ შემადგენლობას, ბიოგრაფიას, 80 პროცენტს აქვს მონაწილეობა მიღებული იმ გადატრიალებაში, იმ პუტჩში, რომელიც 1990-იანებში მათ ჩაიდინეს.
იგივე ადამიანები გველაპარაკებიან დღეს ასე აგრესიულად, ზიზღის ენით, როდესაც ჩვენ მათ ვპასუხობთ ადეკვატურად, მათ დესტრუქციულ პოლიტიკას ვპასუხობთ ისე, როგორც უნდა ვუპასუხოთ, ისინი ყველაფერს გვაბრალებენ ჩვენ. რა თქმა უნდა, სიმართლე არის ძალიან მარტივი, ერთი რამ ახსოვდეს ყველას – არც პოლიტიკური პარტია, არც რაიმე თანამდებობა ამ ქვეყანაში არ იქნება მათი დანაშაულისა და კრიმინალის თავშესაფარი. თუ ისინი ღიად აცხადებენ, რომ ეს პარტია არის ტერორისტების და კრიმინალების თავშესაფარი, მაშინ ესეც მორიგი აღიარებაა ჩვენი პროკურატურისთვის. ასე რომ, ჩემი პასუხი მარტივია – კანონი უნდა აღსრულდეს, ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და ყველა იმ ადამიანს თუ ორგანიზაციას, რომელიც გასულია დროებით კონსტიტუციური წესრიგიდან თუ ჩარჩოებიდან, მოუწევთ ამ ჩარჩოებში დაბრუნება. მე ამის გარანტიას ვიძლევი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.