ირაკლი ღარიბაშვილი - ილია მეორის დამსახურებაა, რომ ეკლესიამ მოიპოვა ფართო აღიარება, დაე, დღევანდელი დღე ყოფილიყოს ჩვენი ერის გაერთიანების სიმბოლო
დიდი საერო მამების, ილია ჭავჭავაძის, ექვთიმეს, დიმიტრი ყიფიანის, კირიონ მეორის, კალისტრატეს, ამბროსი ხელაიას დაჟინებული ძალისხმევით გამოცხადდა სწორედ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გამართულ პარაკლისს დაესწრო.
მთავრობის მეთაურის თქმით, 1990 წლამდე ვერ ჰპოვა ჩვენმა ეკლესიამ ფართო აღიარება მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ჩვენი ბრძენი პატრიარქის, ილია მეორის დამსახურებაა, რომ ჩვენმა ეკლესიამ მოიპოვა ფართო აღიარება.
„მეუფე შიომ გაიხსენა საოცარი სიტყვები ჩვენი ღირსეული წინაპრების. იმის მიუხედავად, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ყოველთვის იყო ნაწილი დიდი მსოფლიოს მართლმადიდებლური სამყაროსი, ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილები იმ დროს და ყოველთვის, ყველა ეპოქაში, მიისწრაფვოდნენ ავტოკეფალიისკენ. როგორც აღნიშნა მეუფე შიომ, 1990 წლამდე ვერ ჰპოვა ჩვენმა ეკლესიამ ფართო აღიარება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი ბრძენი პატრიარქის, ილია მეორეს დამსახურებაა, რომ ჩვენმა ეკლესიამ მოიპოვა ფართო აღიარება. კიდევ ერთხელ ვუერთდები ამ მილოცვას. დაე, დღევანდელი დღე ყოფილიყოს ჩვენი ერის გაერთიანების სიმბოლო და შესაბამისად, მთელს ერს და ბერს მოკრძალებით გილოცავთ დღევანდელ დღეს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.