ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს - ჩვენს ინტერესებში შედის მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, რაც უზრუნველყოფს მტკიცე ეკონომიკურ განვითარებას
ჩვენს ინტერესებში შედის მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, რაც უზრუნველყოფს მტკიცე ეკონომიკურ განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს, ბაქოში გაიმართება ეკონომიკური კომისიის მე-8 სხდომა, სადაც განიხილება ორმხრივი ურთიერთობების საკითხები.
„ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ბაქოში სტუმრობა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენი მასპინძლობისთვის. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენი სანიმუშო ორმხრივი ურთიერთობების განსახილველად. როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, ჩვენ ვართ მეგობარი, მოძმე ერები. დღეს ჩვენ ჩავატარებთ ეკონომიკური კომისიის მე-8 სხდომას და განვიხილავთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, რომლებიც დღესაც აქტიურად ვითარდება. საქართველო, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია ჩვენი ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა ტიპის კავშირების განმტკიცებით. ჩვენს ინტერესებში ასევე შედის მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, რაც უზრუნველყოფს მტკიცე ეკონომიკურ განვითარებას. ეს არის წელს ჩემი მეორე ვიზიტი და როგორც ბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენ არაერთხელ გვქონდა დიალოგი ტელეფონით. დღეს კი ჩვენ განვიხილავთ ჩვენს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებულ საკითხებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრაც ძალიან ნაყოფიერი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.