საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დინამიკაზე და ორმხრივი თანამშრომლობის დატვირთულ დღის წესრიგზე.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ მძიმე უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე ომს. ალიანსის გენერალურმა მდივანმა დააფიქსირა ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. თავის მხრივ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პრემიერს ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.
შეხვედრისას განხილულ იქნა მოახლოებული ნატო-ს ვილნიუსის სამიტი.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს პროგრესი და მისი მისწრაფება სათანადოდ იქნება ასახული ალიანსის შემდგომ გადაწყვეტილებებში როგორც ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერის, ისე პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ქმედუნარიანი პარტნიორი და დიდი წვლილი შეიტანა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. ასევე აღინიშნა, რომ მოკავშირეების დახმარებითა და მხარდაჭერით საქართველომ მნიშვნელოვნად განავითარა თავდაცვითი შესაძლებლობები.
მხარეებმა ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და საქართველოს როლზე ამ კუთხით.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.