ირაკლი ღარიბაშვილი - იცვლება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რეალურია ბირთვული საფრთხე, ასეთ ვითარებაში მთავრობის ამოცანაა ქვეყნის გადარჩენა, ხალხის ინტერესების დაცვა
ირაკლი ღარიბაშვილი - იცვლება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რეალურია ბირთვული საფრთხე, ასეთ ვითარებაში მთავრობის ამოცანაა ქვეყნის გადარჩენა, ხალხის ინტერესების დაცვა

ძალიან რთულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა, იცვლება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არის რეალური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთ ვითარებაში როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე მთავრობის მთავარი საზრუნავი და ამოცანა არის სწორედ ქვეყნის გადარჩენა.

„კარგად მოგეხსენებათ, რომ საანგარიშო პერიოდი მსოფლიოსთვის ურთულეს, გამოწვევით აღსავსე პერიოდს მოიცავს. ჩვენ ძალიან რთულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა. უკრაინაში ომი, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ იცვლება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არის რეალური. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის და ჩვენი მთავრობის, ხელისუფლების მთავარი საზრუნავი, ამოცანა არის სწორედ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, ხალხის ინტერესების დაცვა და, რაც მთავარია, ასეთ ვითარებაში ძლიერი ეკონომიკური განვითარების შენარჩუნება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს.

„მოგეხსენებათ, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანას აქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა. 10-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. წელსაც საკმაოდ ძლიერად დავიწყეთ. დღეს გამოქვეყნდა მაისის თვის მონაცემები, რომლის მიხედვით, პირველ ხუთ თვეში ჩვენ გვაქვს 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც, დამეთანხმებით, ასეთ ვითარებაში საკმაოდ ძლიერი მიღწევაა. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენმა მთავრობამ ბოლო ორი წლის განმავლობაში შეძლო, საქართველო გამხდარიყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა. ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვიწევს მუშაობა ვითარებაში, როცა არა მხოლოდ გარე საფრთხეები გვაქვს, არამედ შიდა საფრთხეები, შიდა მტრების დესტრუქციული ქმედებები წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას, საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სტაბილურობისთვის. ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ბოლო 10 წლის განმავლობაში, არის მართლაც უპრეცედენტო. ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი, უწყვეტი სტაბილური პერიოდი, რაც არის საფუძველი სწორედ ჩვენი ქვეყნის განვითარების“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.