ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის განვითარების ბანკის თავმჯდომარეს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის განვითარების ბანკის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის განვითარების ბანკის თავმჯდომარეს იასუში კინოშიტას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს კერძო და საჯარო სექტორის მხარდაჭერის მექანიზმები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

აღინიშნა საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის განსაკუთრებული მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და იაპონიას შორის აღნიშნული ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების დადება და ამ სფეროში საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს განვითარებაზე და ხელს შეუწყობს ახალი ინვესტორების შემოსვლას.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის აღდგენის პოზიტიური მაჩვენებლები.

აღნიშნა, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან და რეგიონის ქვეყნებთან, რაც ქვეყანას არაერთ მსხვილ ბაზარზე თავისუფალი წვდომის საშუალებას აძლევს.

მთავრობის მეთაურმა არსებული ბიზნესგარემოს შესასწავლად იაპონიის განვითარების ბანკის დელეგაცია საქართველოში მიიწვია.

იაპონიის განვითარების ბანკის თავმჯდომარესთან შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” გამოეხმაურა.

მთავრობის მეთაური წერს, რომ ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ იაპონიასა და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმება დადებით ეფექტს იქონიებს და იაპონელ ინვესტორებს საქართველოში კაპიტალდაბანდებაზე აფიქრებინებს.

„იაპონიის განვითარების ბანკის თავმჯდომარე იასუში კინოშიტას შევხვდი. განვიხილეთ ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ იაპონიასა და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმება. აღნიშნული შეთანხმება დადებით ეფექტს იქონიებს და იაპონელ ინვესტორებს  აფიქრებინებს საქართველოში კაპიტალდაბანდებაზე”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.