ირაკლი ღარიბაშვილი - ჰესების მშენებლობის პარალელურად, დამატებითი სიმძლავრეების შექმნაზე ვმუშაობთ, რაც, ჯამში, სამი-ოთხი მილიარდი დოლარის ინვესტიციაა
ჰესების მშენებლობის პარალელურად, დამატებითი სიმძლავრეების შექმნაზე ვმუშაობთ, თბოსადგურების მშენებლობას და დამატებით 600 მეგავატი სიმძლავრის მიღებას ვგეგმავთ, რაც, ჯამში, მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში სამი-ოთხი მილიარდი დოლარის ინვესტიციაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ წლის ბოლოს 1 500 მეგავატზე გამოცხადდება ტენდერი, 2023 წელს კი დამატებით მეგავატებს გამოიტანენ როგორც ჰიდროელექტროსადგურების, ასევე ქარისა და მზის სადგურებზე.
„ბოლო პერიოდში მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჰესებთან დაკავშირებით. ჰესები იყო გაჩერებული ბოლო ხუთი წელია, თუ არ ვცდები, 2017 წლიდან. ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მივაღწიეთ შემდეგს – დაახლოებით 800 მეგავატი დაგროვილია პროექტები, მემორანდუმები, რომელიც გაეშვება, ამაზე გაფორმებული იყო გამარტივებული შესყიდვის მემორანდუმები, მაგრამ შეჩერებული იყო მთავრობის მხრიდან, ჩემამდე. ეს პროექტები გაეშვება, 800 მეგავატამდე ჰესის ასაშენებლად ალბათ მილიარდზე მეტი დაიხარჯება. ამას გარდა, წლის ბოლოს 1 500 მეგავატზე გამოვაცხადებთ ტენდერს, ეს არის 2,5 მილიარდი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია. ჯამში, 1 500 მეგავატი ცალკე, ახალი დამტკიცებული სქემის მიხედვით, რომელიც ჩვენ უკვე წარვადგინეთ მთავრობაზე, დავამტკიცეთ და, მეორე, 800 მეგავატი. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც ახლა დამტკიცდება. 2023 წელს ასევე გამოვიტანთ დამატებით კიდევ სხვა მეგავატებს ჰიდროს მიმართულებით, ჰიდროელექტროსადგურებზე გაკეთდება მთავარი აქცენტი, ასევე ქარის, მზის სადგურებზე. ასევე, ვმუშაობთ დამატებითი სიმძლავრეების შექმნაზე და თბოსადგურების მშენებლობას ვგეგმავთ დამატებით, გვინდა, რომ გამოვაცხადოთ ეს ტენდერებიც. არის კიდევ ერთი ინვესტორი, რომელიც 200 მილიარდის ინვესტირებას, თბოსადგურის აშენებას გეგმავს, ეს, ჯამში, სამი-ოთხი მილიარდი დოლარის ინვესტიციაა მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.