ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი კანდიდატი ნინო ლაცაბიძე არის გამორჩეული პროფესიონალიზმით, განათლებით, მეორე მხარეს არის ყველასთვის ცნობილი ბანდიტი, მძარცველი და კრიმინალი კირკიტაძე
ყველა მუნიციპალიტეტში არჩევნებს მოვიგებთ და რუსთავში ჩვენი ღირსეული კანდიდატი ნინო ლაცაბიძე გაიმარჯვებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა რუსთავში, სადაც პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა.
მისვე თქმით, ნინო ლაცაბიძე პროფესიონალიზმით, განათლებით და წესიერებით გამორჩეული კანდიდატია. როგორც ღარიბაშვილი ამბობს, „ქართული ოცნების“ კანდიდატი მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
„დღეს შეხვედრა გვქონდა პარტიის წარმომადგენლებთან რუსთავში. მაქსიმალურად მობილიზაციას ვაკეთებთ, რათა ყველა მუნიციპალიტეტში ძალიან ძლიერი შედეგი ვაჩვენოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში არჩევნებს მოვიგებთ და რუსთავში ჩვენი ღირსეული კანდიდატი ნინო ლაცაბიძე გაიმარჯვებს. რუსთავში ძალიან მარტივი მოცემულობაა – ჩვენი კანდიდატი არის გამორჩეული თავისი პროფესიონალიზმით, განათლებით და წესიერებით, მეორე მხარეს არის ყველასთვის ცნობილი ბანდიტი, მძარცველი, კრიმინალი კირკიტაძე, რომელიც სხვათა შორის, გასამართლებული იყო. ამ ქალაქში ყველამ იცის, ვინ არის კირკიტაძე. ეს არის კაცი, რომელიც გამოირჩეოდა ადამიანებისთვის ქონების წართმევით, ძალადობით და ჩვეულებრივი ზონდერობით. ჩვენს კანდიდატს ასეთი ადამიანი უპირისპირდება. რა თქმა უნდა, გვჯერა, ნინო ლაცაბიძე მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რუსთავის მოსახლეობა ბრძნულ არჩევანს გააკეთებს და კიდევ ერთხელ უარს ეტყვის ძალადობას, წამებას და ყველა იმ უბედურებას, რომელიც უკავშირდება სააკაშვილის მმართველობას და მის გუნდს.
კირკიტაძე არ არის გამონაკლისი, პირიქით. თქვენ კარგად გახსოვთ, როგორ სამარცხვინოდ მოიქცა პოლიციელის წინააღმდეგ, ეს არის მათი ხელწერა. ჩვენ ჩვენი მოსახლეობის გვჯერა, ძლიერი გუნდი ვართ, ყველა ქალაქში გავიმარჯვებთ. მანამდე ორ ქალაქში ჩვენ არ გვყავდა ჩვენი მერი, ეს არის ოზურგეთი და თიანეთი, ჩვენი მოტივაციაა, რომ ამ ორ ქალაქში ჩვენი მერი გავა. მოსახლეობას მინდა, დავპირდე, რომ ნინო ლაცაბიძის არჩევის შემდეგ, ყველა რეგიონის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება მექნება და განსაკუთრებით მეტ ყურადღებას დავუთმობ რუსთავის განვითარებას, კეთილმოწყობას, ბევრი სოციალური პროგრამა განხორციელდება რეალისტური და არა ის, რაც ისმის ამ მოძალადე, ბანდიტისგან. ნინო ლაცაბიძის არჩევის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ დამატებით გამოვუყოფთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან არა მხოლოდ რუსთავს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი აქცენტი რუსთავზე იქნება იმისთვის, რომ მეტი პროექტი დავაფინანსოთ, რათა უფრო კარგად მოვაწყოთ რუსთავი და რუსთაველებს მეტად კომფორტული ცხოვრება ჰქონდეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.