ირაკლი ღარიბაშვილი - გვინდა, წელს დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა, ამის თაობაზე ვმუშაობთ, ეკონომიკის სამინისტრო მოწოდების სიმაღლეზეა
გვინდა, წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა, ამის თაობაზე ვმუშაობთ, ეკონომიკის სამინისტრო არის მოწოდების სიმაღლეზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, წელსვე დაიწყებენ მსხვილი ჰესების პროექტს.
„ასევე, ინფორმაციისთვის მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ ახლა ვმუშაობთ ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე. რას ვგულისხმობ, მოგეხსენებათ – ჩვენთვის ყველასთვის იყო საკმაოდ მგრძნობიარე საკითხი, ვინაიდან არსებული პროექტის მიხედვით, იქ იყო გათვალისწინებული სოფლის დატბორვა, საფლავების, ეკლესიის, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნებოდა. ამიტომ ჩემი დავალებით ახლა ვმუშაობთ ახალ პროექტებზე, რომელიც ისე უნდა აშენდეს, რომ თუ განხორციელდება, დატბორვა აღარ იყოს აუცილებელი. შესაძლოა, სიმძლავრემ ოდნავ დაიკლოს, შემცირდეს, მაგრამ ჩვენი ექსპერტები გვეუბნებიან, რომ გამომუშავება თითქმის შეიძლება იგივე იყოს. ამიტომ, თუ ეს მოხდება, იქნება ძალიან სასიხარულო.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ასეთი მსხვილი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ სახელმწიფოს, ანუ მთავრობის თანამონაწილეობით. ჩვენ უნდა ვიყოთ წამყვანი ამ პროექტებში, რადგან ეს არის საერთო ეროვნული მნიშვნელობის მსხვილი სახელმწიფო პროექტები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.