ირაკლი ღარიბაშვილი - გვახსოვს, როგორი სასამართლო ჩავიბარეთ 2012 წელს, ეს იყო რეალურად პროკურატურის დანაყოფი, დღეს მოქალაქე არ იჩაგრება და შეუძლია, იპოვოს სამართალი სასამართლოში
კარგად გვახსოვს, როგორი სასამართლო ჩავიბარეთ 2012 წელს, ეს იყო რეალურად პროკურატურის დანაყოფი. მე არ მინდა, ამ შემთხვევაში დავაკნინო იმდროინდელი სასამართლო, მაგრამ ჩვენ კარგად გვახსოვს, ყველაზე ნათელი ინდიკატორი იმის, თუ როგორი მართლმსაჯულება არსებობდა ქვეყანაში, არის იმ საქმეების რაოდენობა, რომელიც იგზავნება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ახლა შედარებისთვის რომ ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს, სრული პასუხისმგებლობით წელს 152 განაცხადი იყო შესული სტრასბურგში, მოქალაქეების, ინდივიდების, თუ კომპანიების მხრიდან, რომლებმაც რაღაც გარკვეული პრეტენზიები გამოთქვეს აქ, ადგილზე, არ დაკმაყოფილდა მათი განაჩენები საქართველოში და მიმართეს სტრასბურგს სააკაშვილის დროს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს მოქალაქე არ იჩაგრება და შეუძლია, იპოვოს სამართალი სასამართლოში.
„დღეს რომ ლაპარაკობენ სასამართლოზე და ბედავენ და აკრიტიკებენ, იყო 3 000-4 000, იყო შემთხვევები 5 000 განცხადებაც კი შესული სტრასბურგში. ეს რას ნიშნავს მეგობრებო, რომ აქ მოქალაქეები სამართალს ვერ პოულობდნენ. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ დღეს მოქალაქე არ იჩაგრება. მოქალაქეს შეუძლია, იპოვოს სამართალი სასამართლოში“, – აღნიშნა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოსამართლეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დააფიქსირა, რომ ისინი ემიჯნებიან ამ ყოველგვარ ზღვარგადასულ, ცილისმწამებლურ კამპანიას სასამართლოს წინააღმდეგ.
„320 მოსამართლიდან, 300-მა მოსამართლემ ერთობლივად, კოლექტიური განცხადება მიიღო რამდენიმე კვირის თუ თვის წინ, ანუ მოსამართლეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დააფიქსირა, რომ ისინი ემიჯნებიან ამ ყოველგვარ ზღვარგადასულ, ცილისმწამებლურ კამპანიას სასამართლოს წინააღმდეგ. სულ რაღაც 17 თუ 18 მოსამართლე, 300 მოსამართლის მოსაზრებას არ ეთანხმება. აქ რაზეა საუბარი, როცა იძახიან, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და ა.შ., თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ 300 მოსამართლეს ვინ მართავს. მთავრობა მართავს, მე ვმართავ, თუ პროკურატურა მართავს?! ეს არის აბსურდი. ეს 300 მოსამართლე რომ ავიღოთ, დანიშნული არიან ზოგი შევარდნაძის დროს, უმეტესობა სააკაშვილის დროს. რეკომენდაცია იყო ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის უცხოელი კოლეგების, პარტნიორების, რომ ჩვენ მოგვეხდინა ამ მოსამართლეების სამუდამო დანიშვნა. ჩვენ ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ. მოგეხსენებათ, რომ სასამართლოზე ქართული მედია, თქვენ არათუ არ დაიშვებოდით მიშა სააკაშვილის დროს, არამედ უბრალოდ წარმოუდგენელი იყო რაიმე სამართლის პოვნა. ამიტომ, ეს რეალობა, ეს კონტრასტი, რაც დღეს მივიღეთ, ეს საშინელი პერიოდი, დღეს რეალურად გვაქვს ქვეყანაში დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები არ ირღვევა, გვაქვს სრული გამჭირვალობა, ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, მედიის წინაშე, ამას მეგობრებო, სჭირდება დანახვა. ავიღოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემის და მართლმსაჯულების საშუალო რეიტინგები და გამოკითხვის შედეგები რომ შევადაროთ ჩვენს სისტემას, ჩვენ არათუ იმ პარამეტრებში ვჯდებით, არამედ ბევრ ევროპულ ქვეყანას წინ ვუსწრებთ ყველა მიმართულებით – მართლმსაჯულების, კორუფციის მართვის, თუ ადამიანის უფლებების მიმართულებით, ეკონომიკის თავისუფლების, ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს სრული პროგრესი ბოლო რვა წლის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.