ირაკლი ღარიბაშვილი - გუშინდელ შეხვედრაზე საუბარი იყო ნიკა მელიას შესახებ, ჩემი პოზიცია იყო, რომ ჩვენ არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში
ნიკა მელიასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსირე, ჩემი პოზიცია იყო ის, რომ ჩვენ არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მელიას ოჯახს ან პარტიის წევრებს, ნებისმიერი დროს შეუძლიათ, გადაიხადონ მოთხოვნილი გირაო და გამოიყვანონ ეს ადამიანი ციხიდან, ვიდრე საქმეზე საბოლოო განაჩენი დადგება.
„ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსირე და ახლა მინდა, საჯაროდ დავაფიქსირო. საკითხი შეეხებოდა მელიას გამოშვებას, ჩემი პოზიცია იყო ის, რომ ჩვენ არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში. ბატონ მელიას, მის ოჯახს ან პარტიის წევრებს, აქვთ სრული შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დღეს გადაიხადონ მოთხოვნილი გირაო და ბატონი მელია, თუ მათ ინტერესებში შედის ამ ადამიანის ციხიდან გამოყვანა, ვიდრე საბოლოო განაჩენი დადგება საქმეზე, გამოიყვანონ ციხიდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე მეორე საკითხი შეეხებოდა სრულ მზაობას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით.
„ამაზე უკვე დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ეს მოიცავს ვრცელ, კომპლექსურ საკითხებს, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ, გავაუმჯობესოთ საარჩევნო რეფორმა, ეს ეხება ადგილობრივ არჩევნებს, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს.
მესამე საკითხი – ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი, ეს არის წითელი ხაზი, ეს არის საკითხი, რომელიც არ განიხილება. ეს მე გუშინ შეხვედრაზეც დავაფიქსირე. არავითარი ლეგიტიმური საფუძველი, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის არ არსებობს ქვეყანაში.
ჩვენი გუნდი ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის, ხალხის ინტერესების შესაბამისად და არა რომელიმე კონკრეტული პარტიების პირადი ახირების, თუ ინტერესების შესაბამისად. თუ პარტიებს სურთ რეალური დიალოგის დაწყება, ამისთვის გავხსენით შესაბამისი ფორმატი და მზად ვართ, გავაგრძელოთ“, – განაცხდა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე მოისმინა მონაწილეების კონსტრუქციული მოსაზრებები, რაც აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს ივარაუდოს, რომ აღნიშნული დიალოგი ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილთან გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით.
„ჩვენ უნდა შევძლოთ ერთიან პარლამენტში მუშაობას, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკური ცხოვრებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.