ირაკლი ღარიბაშვილი - გუშინდელ აქციაზე იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და ანტიეროვნული გზავნილები
გუშინდელ აქციაზე იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და ანტიეროვნული გზავნილები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება მიესალმება ქვეყანაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიის არსებობას.
„რაც შეეხება ზოგადად გუშინდელ აქციას, კიდევ ერთხელ მინდა, ჩემი მოსაზრება და შეფასება ვუთხრა ჩვენს ხალხს. ეს იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და მაშასადამე, ანტიეროვნული გზავნილები. მაგალითად, იმის თაობაზე, რომ აგრესიული გამომსვლელები ითხოვდნენ პოლიციის მიერ პატრიარქის დაკავებას. საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, რომ აღნიშნულს ვიმეორებ. იმის გარდა, რომ ითხოვდნენ ჩვენს გადადგომას, ეს ნორმალურია. მათ ეს უნდა მოითხოვონ, ეს არის მათი ოცნება, მაგრამ მე მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, ვინ ითხოვდა ამ ყველაფერს. ჩვენ ზოგადად, რა თქმა უნდა, მივესალმებით დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მედიის არსებობას ქვეყანაში და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა თავისუფალი მედია განვითარდეს, რეალურად მიუკერძოებელი მედია განვითარდეს ქვეყანაში, მიუკერძოებელი ჟურნალისტები განვითარდნენ. ჩვენ მათ ყველაფერს გავუკეთებთ, რაც საჭიროა და მე კიდევ ერთხელ ვუდასტურებ პატივისცემას. ძალიან ბევრი პროფესიონალი მუშაობს მედიაში. მაგრამ მოდით, ახლა თავს ნუ მოვიტყუებთ, ზედმეტი კეკლუცობა არ არის საჭირო, ვთქვათ პირდაპირ: ოპოზიციური ტელევიზიები, აღარ ჩამოვთვლი, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის – „მთავარი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ პირდაპირ იმართება სააკაშვილის მიერ და მათი მოპარული ფინანსებით. შესაბამისად, მათი დღის წესრიგი და „ნაცმოძრაობის“, რევანშისტული, რადიკალური ძალის დღის წესრიგი არის აბსოლუტურად იდენტური. მათ აქვთ ერთი მიზანი, როგორმე ჩამოაგდონ ხელისუფლება და ძალადობრივი გზით ისევ მოვიდნენ ხელისუფლებაში, რაც, რა თქმა უნდა, მიუღწეველია, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. მათ მინდა, შევახსენო, ერთადერთი გზა ხელისუფლებაში მოსვლის არის არჩევნებში მონაწილეობა. კარგად მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე არჩევნებია, აგებენ არჩევნებს. კიდევ ერთხელ მოუწევთ მათ წაგება და ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ მოახლოებულ არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.