ირაკლი ღარიბაშვილი გურჯაანის სოფელ ველისციხეში ურბანული განახლების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის ურბანული განახლება დაიწყო. მიმდინარე სამუშაოები დღეს მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
სოფლის ცენტრალურ ნაწილში 60-მდე სახლის, ველისციხის თეატრის წინ მდებარე მოედნისა და ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია, აგრეთვე მიმდებარე პარკის კეთილმოწყობაა დაგეგმილი. მოწესრიგდება გზა, სანიაღვრე სისტემები და მოეწყობა წყლის გამწმენდი ნაგებობა. პროექტი აზიის განვითარების ბანკის 30 მლნ ლარის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
რეაბილიტაციის პროექტი აგრეთვე მოიცავს ველისციხის თეატრის ფასადისა და პირველი სართულის რეკონსტრუქციას. ვასო გოძიაშვილის სახელობის ველისციხის თეატრი 130 წლის ისტორიას ითვლის. ველისციხეში წარმოდგენები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში იმართებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სოფელ ველისციხეში არსებული ნაგებობები განსაკუთრებული არქიტექტურით გამოირჩევა და მისი განახლებით, კახეთის რეგიონს კიდევ ერთი ისტორიული და არქიტექტურული ღირებულებით მდიდარი, ტურისტულად საინტერესო ცენტრი შეემატება, რაც თავის მხრივ, ველისციხის მოსახლეობისთვის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს გააჩენს.
დღესვე, მთავრობის მეთაური ველისციხეში ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. ველისციხელებმა პრემიერს სოფელში და ზოგადად, კახეთის რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.
სოფელ ველისციხის ურბანული განახლების სამუშაოები მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს დაიწყო და 2023 წლის ზაფხულში დასრულდება.
მთავრობის მეთაურთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, გურჯაანის მერი ზურაბ უტიაშვილი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და პარლამენტის სხვა დეპუტატები, აგრეთვე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი შეინ როზენტალი.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.