ირაკლი ღარიბაშვილი - გუბაზ სანიკიძისნაირი მოღალატეები და არაკაცები ვერასოდეს იქნებიან ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლები
გუბაზ სანიკიძისნაირი მოღალატეები და არაკაცები ვერასოდეს იქნებიან ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.
მანამდე, ოპოზიციონერმა პარლამენტარმა, გუბაზ სანიკიძემ სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრს მიმართა: „საერთაშორისო სასამართლო როდესაც იქნება, შეიძლება, იქ გამოგიძახონ და არც პიროვნულად და არც საქვეყნოდ არ მემეტებით. ეს ომი უკრაინის გამარჯვებით რომ დასრულდეს, რაშიც თქვენ ეჭვი გეპარებათ და უკრაინელებმა მათი, მიხეილ სააკაშვილისა და ევროკავშირის დაგეგმილი გადატრიალების დამადასტურებელი საბუთი რომ მოითხოვონ, მერე რას შვრებით“.
ღარიბაშვილის თქმით, გუბაზ სანიკიძე უსამართლო, ღვარძლიანი და ბოროტი გამონათქვამებით გამოირჩევა.
„ჩვენ ვდგავართ ძალიან სერიოზული ისტორიული ტრანსფორმაციის მიჯნაზე, შეიძლება, ასე ითქვას. ბატონ გუბაზ, მადლობა რჩევებისთვის, მაგრამ მინდა, შემდეგი რაღაც ვუთხრა ამ კაცს, რომელიც გამოირჩევა ძალიან ბევრი უსამართლო და ღვარძლიანი, ბოროტი გამონათქვამებით. ეს კაცი ერთ დროს იყო ჩვენი გუნდის წევრი. ეს ოცნებობდა მილიონ დოლარზე, გახსოვთ ამის თაობაზე. მინდა, გითხრათ, ეს კაცი როგორ გაიყიდა, როგორ მიეყიდა სააკაშვილს. რომ იცოდეთ, ეს კაცი გაყიდულია 100 ათას დოლარად. შენ ხარ გაყიდული კაცი, მოღალატე. გუბაზ სანიკიძისნაირი მოღალატეები და არაკაცები ვეღარასოდეს ვერ იქნებიან ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.