ირაკლი ღარიბაშვილი - გლობალური პანდემიის პირობებში ეს ვიზიტი კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურებაა იმისა, რომ საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია
გლობალური პანდემიის პირობებში განხორციელებული ეს ვიზიტი ცხადყოფს ევროკავშირის მზაობას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა იმ კომპლექსური რეფორმების გზაზე, რომელმაც საბოლოოდ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე უნდა მიგვიყვანოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის ევროკავშირის უმაღლესი რანგის ოფიციალური პირის პირველი ვიზიტი საქართველოში, რაც კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურებაა იმისა, რომ საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.
„მინდა, პირველ რიგში, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს. ჩვენ მოხარული ვართ მისი სტუმრობით საქართველოში. ბატონი შარლ მიშელი პირველად ეწვია ჩვენს ქვეყანას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება ჩვენი მეგობრის, ჩვენი ქვეყნის მეგობრის. ასევე მინდა აღვნიშნო, რა თქმა უნდა, რომ ეს არის ევროკავშირის უმაღლესი რანგის ოფიციალური პირის პირველი ვიზიტი საქართველოში, რაც კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურებაა იმისა, რომ საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.
რა თქმა უნდა, მინდა ასევე აღვნიშნო, რომ გლობალური პანდემიის პირობებში განხორციელებული ეს ვიზიტი ცხადყოფს ევროკავშირის მზაობას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა იმ კომპლექსური რეფორმების გზაზე, რომელმაც საბოლოოდ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე უნდა მიგვიყვანოს.
ბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საქართველოსა და ქართველი ხალხის ერთგულება ევროპული მისწრაფებებისა და ღირებულებებისადმი. შეხვედრისას ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი. შევეხეთ არაერთ ასპექტს, არაერთ საკითხს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს. ასევე ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ევროპული ოჯახის წევრობა არ არის მხოლოდ პოლიტიკური ხედვების ნაწილი, არამედ, ეს არის ჩვენი, ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და ჩვენ ამ ღირებულებების ერთგული ვართ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.