ირაკლი ღარიბაშვილი - გლობალურ პარტნიორებთან და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ვმუშაობთ, რათა ჩვენი ქვეყანა გადავაქციოთ რეგიონულ სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ციფრულ ცენტრად
ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მყოფი საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა მის ერთ-ერთ უძლიერეს აქტივს წარმოადგენს. ამიტომ გაძლიერებული კავშირი ვაქციეთ ჩვენი შიდა დღის წესრიგის პრიორიტეტად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის მიერ ორგანიზებული ფორუმის ფარგლებში, სამუშაო პანელზე – „სატრანსპორტო დერეფნები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის მთავარი მომხსენებელი იყო.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობა გლობალურ პარტნიორებთან და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მუშაობს, რათა ქვეყანა გადააქციოს რეგიონულ სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ციფრულ ცენტრად.
„ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, მივმართავდე „გლობალური კარიბჭის ფორუმის“ მონაწილეებს. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენს დღეს ბრიუსელში ჩვენი მასპინძლობისათვის. 2021 წლის დეკემბერში, როდესაც „გლობალური კარიბჭის“ ინიციატივა შეიქმნა, ევროკავშირმა პარტნიორები მოიწვია მდგრად განვითარებაზე აქცენტირებისთვის ტრანსპორტისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ჯანდაცვისა და განათლების სისტემათა გაძლიერებისა და ციფრული წინსვლის ხელშეწყობის საშუალებით.
ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მყოფი საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა მის ერთ-ერთ უძლიერეს აქტივს წარმოადგენს. ამიტომ გაძლიერებული კავშირი ვაქციეთ ჩვენი შიდა დღის წესრიგის პრიორიტეტად; გლობალურ პარტნიორებთან და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ვმუშაობთ, რათა ჩვენი ქვეყანა გადავაქციოთ რეგიონულ სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ციფრულ ცენტრად.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ აქვს სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს გამოუყენებელი შესაძლებლობები შავი ზღვის კვეთით, რაც მტკიცედ დაგვაკავშირებს ევროკავშირთან და საშუალებას მოგვცემს, სრული პოტენციალი ავითვისოთ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ყველა ახალი ტრანსფორმაციული პროექტი შედეგად მოიტანს სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ ზრდას, კეთილდღეობას ხალხისა და, ზოგადად, რეგიონისთვის.
„ვაღიარებთ რა ენერგიაზე მზარდ მოთხოვნას და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საკითხთა გადაჭრის აუცილებლობას, აქტიურად ვნერგავთ ახალ ინიციატივებს განახლებადი ენერგიის სექტორში, მათ შორის არის ჰიდრო, ქარის, მზისა და სხვა მდგრადი წყაროები. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მასშტაბით არსებული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ძირითადი მილსადენები უზრუნველყოფს ნახშირწყალბადების უსაფრთხო ტრანსპორტირებას ცენტრალური აზიიდან ევროპის მიმართულებით. ყველა ახალი ტრანსფორმაციული პროექტი შედეგად იქონიებს სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ ზრდას, კეთილდღეობას ჩვენი ხალხისა და, ზოგადად, რეგიონისთვის. განვითარებაზე ორიენტირებული პარტნიორების როლი ამ პროექტების განხორციელებაში უმნიშვნელოვანესია. სხვათა შორის, ევროპის საინვესტიციო ბანკი არის ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს და ემთხვევა ჩვენს პრიორიტეტებს. საქმიანობის დაწყების დღიდან მას მნიშვნელოვანი საკრედიტო რესურსი აქვს გამოყოფილი და, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, ორ მილიარდ ევროზე მეტის ინვესტიცია აქვს განხორციელებული ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა.