ირაკლი ღარიბაშვილი - ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ძლიერი ლიდერობით თურქი ხალხი განსაცდელს დაძლევს და კიდევ უფრო ძლიერი გამოვა ამ პრობლემიდან
ირაკლი ღარიბაშვილი - ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ძლიერი ლიდერობით თურქი ხალხი განსაცდელს დაძლევს და კიდევ უფრო ძლიერი გამოვა ამ პრობლემიდან

ჩემი მთავარი გზავნილი თურქი ხალხის მიმართ იყო და არის შემდეგი, რომ საქართველო, ქართველი ხალხი დგას თურქეთისა და თურქი ხალხის გვერდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთში, მიწისძვრით დაზარალებულ ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მან ეს გზავნილი და სამძიმარი გუშინ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს გადასცა და დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა.

„ეს არის საშინელი ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა თურქეთს და ჩვენს მოძმე თურქ ხალხს. მოგეხსენებათ, 40 000-ზე მეტი გარდაცვლილია და 100 ათასზე მეტი დაშავებული. ძალიან ბევრი ადამიანი, ათასობით ადამიანი დარჩა ბინების გარეშე, მაგრამ ჩვენ გვქონდა გუშინ საუბარი რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. მან მითხრა, რომ, მისი დავალებით, უკვე შექმნილია შესაბამისი შტაბი. აქვთ გეგმა და ერთ წელიწადში დაახლოებით 270 000 ბინას ააშენებენ. ყველა ეს ადამიანი იქნება ბინებით დაკმაყოფილებული. მინდა, ვთქვა, რომ ჩვენი გმირი მაშველები აქ, ადგილზე არიან. ჩვენ იმავე დღეს გამოვაგზავნეთ მაშველები, რომლებიც თავიანთი ტექნიკით ჩამოვიდნენ ადგილზე. მათ შეძლეს სამი ადამიანის გადარჩენა. სამწუხაროდ, 80-ზე მეტი გარდაცვლილი აღმოაჩინეს. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირ მაშველებს, სამაშველო სამსახურს, მის ხელმძღვანელობას, ვახტანგ გომელაურს, ყველას, ვინც ჩართული იყო ამ სამაშველო ღონისძიებებში.

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ისეთი გონიერი და ძლიერი ლიდერი, როგორიც არის ბატონი ერდოღანი, მისი ლიდერობით თურქი ხალხი ამ განსაცდელს დაძლევს და კიდევ უფრო ძლიერი გამოვა ამ პრობლემიდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.