ირაკლი ღარიბაშვილი - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო, სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს, გმირი პოლიციელის კოლეგებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც პოლიციის თანამშრომლისა და ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახების წევრებს, ახლობლებს, გმირი პოლიციელის კოლეგებს და მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროს.
თავდასხმის შედეგად დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა.
ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.