ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრს, ნენსი ფეზერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ მინისტრს, ნენსი ფეზერს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებს.
პრემიერმა ხაზი გაუსვა გერმანიის მნიშვნელოვან როლს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. მთავრობის მეთაურმა გამოჩენილი მხარდაჭერისათვის გერმანიის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცისადმი განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
განიხილეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ეფუძნება საერთაშორისო ხელშეკრულებებს, პარტნიორობისა და ურთიერთნდობის პრინციპებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ტანია ჰუტი, მიგრაციის საკითხებში ფედერალური მთავრობის სპეციალური კომისარი იოაკიმ სტამპი, ასევე დაგეგმვისა და კომუნიკაციების აღმასრულებელი დირექტორატის უფროსი ბასტიან ფლეიგი.
საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან იზორია.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.