ირაკლი ღარიბაშვილი - გაუგებარია, უკრაინის ხელისუფლებას რატომ რჩება დრო, ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთონ კონცენტრირება, მიხედონ საკუთარ ქვეყანას, ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას
ირაკლი ღარიბაშვილი - გაუგებარია, უკრაინის ხელისუფლებას რატომ რჩება დრო, ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთონ კონცენტრირება, მიხედონ საკუთარ ქვეყანას, ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას

ჩემთვის  გაუგებარია, უკრაინის ხელისუფლებას რატომ რჩება დრო, ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთონ კონცენტრირება მაშინ, როდესაც 20-მა მილიონმა უკრაინელმა საკუთარი საცხოვრებელი სახლი დატოვა, ქვეყანას მიადგა ტრილიონი დოლარის ზიანი, დაკარგული აქვთ ტერიტორიების 20 პროცენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შოვში, „მთის დღეების“ ფარგლებში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს გეგმა, რომელსაც მიჰყვება და არავის რჩევა არ სჭრიდება.

„რაც შეეხება უკრაინის საკითხს და უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულებას, ადრეც ვთქვი და მინდა, გავიმეორო. ყოვლად გაუმართლებელია, აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ მე არ მინდა, დეტალებში შევიდე, ვინაიდან ქვეყანა არის უმძიმეს ომში, უმძიმეს ვითარებაში. მინდა, მათ ვუსურვო მშვიდობა, ომის მალე დასრულება, გამარჯვება და ტერიტორიების დაბრუნება. ყოველდღე ასეულობით ადამიანი იღუპება, ეს უბედურებაა, კატასტროფა ხდება, 20 მილიონმა უკრაინელმა დატოვა საკუთარი სახლი. 20 მილიონი უკრაინელის მიგრაცია მოხდა ბოლო ერთ წელიწადში. ეს არის ტრაგედია და 20 პროცენტი ტერიტორიების უკვე დაკარგული აქვთ. ამბობენ, რომ ზარალი, ზიანი, რომელიც მიადგა უკრაინას ამ ომის შედეგად, არის უკვე ტრილიონ დოლარზე მეტი. ამიტომ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, უკრაინის ხელისუფლებას რატომ რჩება დრო, ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთონ კონცენტრირება. ეს ხომ ძალიან ხელოვნურია და ეს ხომ კიდევ ერთხელ აძლიერებს თუნდაც კონსპირაციულ თეორიას, რომელიც ძალიან ბევრი მოგვისმენია ჩვენს ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ. რატომ უნდა ჰქონდეს მოტივაცია უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე იყვნენ კონცენტრირებული მაშინ, როცა, რაც მე ჩამოგითვალეთ, 20 მილიონი უკრაინელის მიერ საკუთარი საცხოვრებელი სახლის დატოვება, ტრილიონი დოლარის ზიანი, ოკუპირებული ტერიტორიები, ჯერ მიხედონ საკუთარ თავს, საკუთარ ქვეყანას, საკუთარი ტერიტორიების დეოკუპაციას, ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ჩვენი ხედვა გვქვს, გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელსაც თანმიმდევრულად მივყვებით. არ გვჭირდება არავის არც რჩევა და, მით უმეტეს, არც ჩარევა ჩვენს შიდა პოლიტიკურ საქმეებში. ეს არის ყოვლად მიუღებელი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.