ირაკლი ღარიბაშვილი - გასარემონტებელი გვაქვს 800 სკოლა, აქედან 80 ახალი სკოლის აშენება მოგვიწევს, 220-ის სრული რეაბილიტაცია, ასევე, აშენდება 90 საბავშვო ბაღი და რეაბილიტირდება - 412
ჩვენ დღეს გვაქვს 800 სკოლა გასარემონტებელი, აქედან 80 ახალი სკოლის აშენება მოგვიწევს, 220 სკოლის სრული რეაბილიტაცია და დარჩენილის ნაწილობრივი რეაბილიტაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ბავშვები იზრდებოდნენ და განათლებას იღებდნენ ჯანსაღ გარემოში.
„ბოლო 8-9 წლის განმავლობაში 175 სკოლა ავაშენეთ და 220-ზე მეტ სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ დღეს გასარემონტებელი გვაქვს 800 სკოლა, აქედან 80 ახალი სკოლის აშენება მოგვიწევს, 220 სკოლის სრული რეაბილიტაცია და დარჩენილის ნაწილობრივი რეაბილიტაცია. ჯამში, 800 სკოლის მოწესრიგებას შეეხება აღნიშნული პროექტი.
ბიუჯეტი იქნება დაახლოებით მილიარდი ლარი და ჩვენ 800-ვე სკოლას, როგორც აღვნიშნე, ნაწილს გავარემონტებთ, ნაწილს ნაწილობრივ და 80 ახალ სკოლას ავაშენებთ მომდევნო სამი წლის განმავლობაში. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა.
ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით შევაფასეთ საბავშვო ბაღების მდგომარეობაც, რომელიც კრიტიკულია. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ძალიან ბევრი საბავშვო ბაღი, განსაკუთრებით რეგიონებში. ამიტომ, ასევე გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით აშენდება 90 საბავშვო ბაღი და რეაბილიტირდება – 412. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
დავიწყე რა საუბარი ბავშვების მდგომარეობით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი ამოცანა უნდა იყოს სწორედ ის, რომ ჩვენი მომავალი თაობა, ბავშვები იზრდებოდნენ, განათლებას იღებდნენ ძალიან ჯანსაღ გარემოში. ამიტომ, მათთვის აუცილებელია, რომ სკოლები, საბავშვო ბაღები იყოს იდეალურ მდგომარეობაში. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და პრიორიტეტი“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.