ირაკლი ღარიბაშვილი - განცხადება ციხეში ე.წ. იმიტირებული ბუნტის შესახებ არის მორიგი ბინძური პროვოკაცია, ალბათ, ამას გააკეთებდნენ ჩვენს ადგილას რომ ყოფილიყვნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადება, ციხეში ე.წ. იმიტირებული ბუნტის შესახებ, არის აბსურდული.
როგორც ღარიბაშვილი აცხადებს, „ეს არის მიხეილ სააკაშვილის ხელწერა და მორიგი პროვოკაცია“.
„გვესმის მათი პანიკის დათესვის მიზეზი. გასაგებია, რატომ აკეთებენ ამ ყველაფერს. ეს ერთი კვირა დაძაბული გვექნება. ძალიან ბევრ აბსურდულ, პანიკის შემცველ ბრიფინგს მოვისმენთ, მაგრამ, მოსახლეობას მინდა, სიმშვიდისკენ მოვუწოდო. მშვიდად ვუსმინოთ მათ ამ სრულ ბოდვას.
რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. ისინი საკუთარი გარყვნილი გონებიდან გამომდინარე აკეთებენ მსგავს პანიკურ, აბსურდულ განცხადებებს. როგორ შეიძლება, ხელისუფლება, მმართველი ძალა ასეთ საშინელ პროვოკაციას გეგმავდეს ან ფიქრობდეს. ამით კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რაზე არიან წამსვლელები. რას გააკეთებდნენ, ასე ფიქრობენ ყოველთვის. ალბათ, ამას გააკეთებდნენ ჩვენს ადგილას რომ ყოფილიყვნენ. ეს გაუკეთებიათ არაერთხელ. პირდაპირ ხოცავდნენ პატიმრებს ციხეებში, აუპატიურებდნენ, აწამებდნენ და ხოცავდნენ. ცოცხალი პატიმრები ჩაჰყავდათ მორგში და პატიმრებთან აბამდნენ.
ასეთი ხელწერის მქონე გვარამია, რომელიც პროკურორია, მას არავითარი საერთო არ აქვს მედია მენეჯერობასთან. ეს არის ხელწერა სააკაშვილის, ეს არის მორიგი ბინძური პროვოკაცია“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებენ.
„ჩვენ ვიცით, წინასწარ გვაქვს ინფორმაცია, რომ შეეცდებიან, მთელი ეს კვირა მოსახლეობას აყურებიონ ამ კაცის შიმშილი და ამაზე ილაპარაკებენ. არავინ არ უშლის ამ ადამიანს არც ჭამას და არაფერს. მით უმეტეს მას აქვს სრული კომფორტი, ისეთივე როგორც ყველა პატიმარს, ჩვენ არავის არაფერს ვუზღუდავთ. პირიქით, არავითარი საბაბი არ მიეცემათ მათ არასდროს, რადგან ჩვენ ვიცით რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ ჩვენ საქმეს.
სრულად გამჭვირვალე პროცესი გვაქვს ჩვენ. ექიმების 24-საათიანი კონტროლი გვაქვს დაწესებული, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს არის მორიგი თეატრალიზებული დადგმის მცდელობა, რომელიც ასევე კრახით დასრულდება“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არ შეიძლება იყოს გადაყვანილი ციხის საავადმყოფოში, რადგან როგორც გვარამია ამბობს, აქვთ ინფორმაცია, „რომ იქნება ე.წ. იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით“.