ირაკლი ღარიბაშვილი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ შერჩეულ სტიპენდიანტებსა და კურსდამთავრებულებს ხვდება
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ შერჩეულ სტიპენდიანტებსა და კურსდამთავრებულებს ხვდება. შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე ესწრებიან.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში, არაფორმალურ გარემოში მიმდინარეობს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი ინიციატივით ცენტრი 2014 წელს შეიქმნა და 1 150-ზე მეტ წარმატებულ სტუდენტს დაუფინანსა სწავლა საზღვარგარეთ.
„ძალიან მოკლედ მინდა, ვუთხრა ახალგაზრდებს, ახლა ამ პროექტის შესახებ. პროექტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ ერთად 2014 წელს, აღმოჩნდა, რომ არის ძალიან წარმატებული. ფაქტებით ვისაუბრებ. 6 წელიწადში დაახლოებით 1 150 საუკეთესო სტუდენტი ჩვენს შევარჩიეთ და ხელი შევუწყეთ მათ საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ამ პროექტიდან არის ის, რომ მაქსიმალური ინვესტიცია ჩვენ ჩავდეთ ჩვენს ყველაზე დიდ აქტივში, ახალგაზრდობაში. მე ადრეც მითქვამს და მინდა გავიმეორო, რომ ყველაზე დიდი ფასეულობა ჩვენთვის არის განათლება და ზოგადად ჩვენი ახალგაზრდობა, ვინაიდან მომავალი გეკუთვნით თქვენ”, – განაცხადა შეხვედრის დაწყებისას ირაკლი ღარიბაშვილმა.
განათლების საერთაშორისო ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2014 წელს შეიქმნა. ცენტრი, საქართველოს მოქალაქეებისთვის, სახელმწიფო დაფინანსებით ახორციელებს სასტიპენდიო პროგრამებს, რომლებიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, განათლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში მიიღონ. სახელმწიფო აფინანსებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, ასევე ხელს უწყობს საჯარო სამსახურში დასაქმებული მოქალაქეების კვალიფიკაციის ამაღლებას საზღვარგარეთ, შესაბამის კვლევით თუ პროფესიულ ინსტიტუტებში.
2014-2021 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სასტიპენდიო პროგრამების განსახორციელებლად გამოყოფილი თანხა 41 მილიონ ლარს აჭარბებს, ხოლო ცენტრს ჯამში დაფინანსებული ჰყავს 1 100-ზე მეტი სტიპენდიანტი. განათლების საერთაშორისო ცენტრმა წელს 150-ზე მეტი სტიპენდიანტი შეარჩია.