ირაკლი ღარიბაშვილი - გამოწვევებით აღსავსე, საკმაოდ რთული წელი იყო, მაგრამ საერთო სურათს თუ შევხედავთ და შედეგებით ვიმსჯელებთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებული წელი გვქონდა
ირაკლი ღარიბაშვილი - გამოწვევებით აღსავსე, საკმაოდ რთული წელი იყო, მაგრამ საერთო სურათს თუ შევხედავთ და შედეგებით ვიმსჯელებთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებული წელი გვქონდა

გამოწვევებით აღსავსე, საკმაოდ რთული წელი იყო, მაგრამ საერთო სურათს თუ შევხედავთ და შედეგებით ვიმსჯელებთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებული წელი გვქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სამართლიანად და აბსოლუტურად კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში ჩატარდა, რისი აღიარებაც ყველამ იხილა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებით მმართველმა გუნდმა ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისი დაასრულა, ქვეყანა დამშვიდდა და ძლიერი ფუნდამენტია შექმნილი იმისთვის, რომ გაცილებით ძლიერი და წარმატებული იყოს 2022 წელი.

„მართლაც გამოწვევებით აღსავსე, საკმაოდ რთული წელი იყო, მაგრამ მთლიანობაში საერთო სურათს თუ შევხედავთ და შედეგებით ვიმსჯელებთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებული წელი გვქონდა და ეს წელი შედგა. რამდენიმე ძირითად მიღწევას გამოვყოფდი. პირველი, ეს იყო წლის დასაწყისში არსებული ეპიდვითარება, ვაქცინების არ არსებობა, ეკონომიკური ვითარება, რომელიც მინუსებში იყო და არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია. პარლამენტი პარალიზებული იყო, ქვეყანა მუდმივი საბოტაჟის წინაშე იყო და ასევე იყო არჩევნები, გამოცხადებული რეფერენდუმი. დღეს თუ კიდევ ერთხელ შევაფასებთ, სად ვართ, როგორ განვლეთ ეს პერიოდი, ალბათ არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ მართლაც წარმატებული წელი გვქონდა. წელი დავხურეთ იმით, რომ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, გვაქვს ხუთ მილიონზე მეტი ვაქცინა, რომლითაც მოსახლეობას რეალურად არჩევანის გაკეთების საშუალება მივეცით, მათ თავად გადაწყვიტეს და მილიონი ადამიანი საკუთარი სურვილით აიცრა, ამასთან დაკავშირებით უამრავი კამპანია ვაწარმოეთ.

არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და აბსოლუტურად კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში, ამის აღიარება ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგეთ და დავასრულეთ ეს რეფერენდუმი, ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და დავასრულეთ ყოველგვარი სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა, როგორ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები და აშ.. ყველა კითხვა მოიხსნა შესაძლო თეორიულ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ მოვიპოვეთ თითქმის 47% და არჩევნები ყველა მუნიციპალიტეტში დამსახურებულად მოვიგეთ. რაც მთავარია, ჩვენ არჩევნების დღეს და წინა დღეს ქვეყანას ავარიდეთ ძალიან დიდი პროვოკაცია და მოსალოდნელი სისხლისღვრაც, არ მოვერიდები ამის თქმას, რადგან ჩვენ დეტალურად ვიცოდით და ვიცით მათი გეგმების შესახებ. საბოლოო ჯამში ქვეყანა დამშვიდდა, დაწყნარდა, გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პირობები და ძლიერი ფუნდამენტი იმისთვის, რომ გაცილებით ძლიერი და წარმატებული იყოს 2022 წელი. შემდგომი სამი წელი, სანამ არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, უნდა იყოს აღმშენებლობის, განვითარების, კეთილდღეობის მომტანი, მშვიდობის, სტაბილურობის წლები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.