ირაკლი ღარიბაშვილი - გამოწვევების მიუხედავად, საქართველო პირნათლად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონტექსტში
აშკარაა, რომ შავი ზღვა რჩება საჭადრაკო დაფის დინამიურ, რეგიონულ წინა ხაზზე. სწორედ ამიტომ ხართ აქ და სწორედ ამიტომ არის ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის ხედვა გულისხმობს რეგიონის „კონფლიქტების რეგიონიდან“ „შესაძლებლობების რეგიონად“ გარდაქმნის ხელშეწყობას.
„ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, რომ საქართველოში გმასპინძლობთ შავი ზღვის ამ მშვენიერ კურორტზე და ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე. დღეს აქ უამრავი მეგობარი შემოგვიერთდა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირის მისწრაფებებზე სასაუბროდ. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ჩვენი ოცნებები რეალობად იქცეს.
მოუთმენლად ველი განახლებული ტრანსატლანტიკური დღის წესრიგის განხილვას და მისი მნიშვნელობის შეფასებას საქართველოსა და რეგიონისთვის. მოდით, ცოტა ხნით გავიაზროთ გასული წლის გაკვეთილები და ჩვენი კოლექტიური ბრძოლა პანდემიის წინააღმდეგ. ურთიერთდახმარებისა და მეგობრობის წყალობით, ჩვენ ეფექტურად გავიკვლიეთ გზას საერთო გლობალურ გამოწვევებში. ჩვენ წინ დავუდექით გამოწვევას, მაგრამ რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ერთი წუთითაც ვერ მოვეშვებით და ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი ხალხი უსაფრთხოდ ვამყოფოთ. ჩვენ ასევე ვიცით, რომ პანდემიის გარდა, სხვა საფრთხეებიც გვაქვს, რომლებიც ისეთივე დესტაბილიზაციას იწვევს, როგორც თავად ვირუსი. მიმდინარე წელს დედამიწაზე დრამატული გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარება გრძელდებოდა. რუსეთი არ შეჩერებულა დესტაბილიზაციის მცდელობებში – შეერთებულ შტატებში არჩევნებიდან დაწყებული, უკრაინით დამთავრებული – ისევე როგორც საქართველოში, სადაც რუსეთი კვლავ განაგრძობს ჩვენი სუვერენული ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას. აშკარაა, რომ შავი ზღვა რჩება საჭადრაკო დაფის დინამიურ, რეგიონულ წინა ხაზზე. სწორედ ამიტომ ხართ აქ და სწორედ ამიტომ არის ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი. შავი ზღვის რეგიონი არის კონფლიქტის მართვის მიკროსამყარო, რადგან თუ აქ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას შევძლებთ, ამის გაკეთება სხვაგანაც შეგვეძლება. ჩვენი მთავრობის ხედვა გულისხმობს ჩვენი რეგიონის „კონფლიქტების რეგიონიდან“ „შესაძლებლობების რეგიონად“ გარდაქმნის ხელშეწყობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გამოწვევების მიუხედავად, საქართველო პირნათლად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონტექსტში.
„ამ გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონტექსტში. ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირთან ასეთი ენერგიული არასდროს ყოფილა. ჩვენ დავწინაურდით ევროპული ინტეგრაციის გზაზე ევროკავშირთან და საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ სხვადასხვა სფეროში და გავაგრძელეთ ჩვენი აქტიური მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, რაც მნიშვნელოვან პოლიტიკურ მიმართულებად მიგვაჩნია საქართველოსა და მთელი ჩვენი რეგიონისთვის. ახლახან გამოცხადებული აღმოსავლეთ პარტნიორობის პრიორიტეტები 2020 წლის შემდგომ ახალ შესაძლებლობებს უხსნის საქართველოს ევროკავშირთან კავშირების გაძლიერების მიმართულებით, შავი ზღვის მასშტაბით სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესების გზით. აღმოსავლეთ პარტნიორობა ასევე დაეხმარება 80 000 მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის სარგებლიანობის სრულად გაცნობიერებაში. ნება მომეცით, მადლობა გადავუხადო ევროკავშირს, რომელიც მზად არის, 3.9 მილიარდი ევრო გამოყოს საქართველოსთვის, „ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის“ ფარგლებში. ეს ძალისხმევა ემსახურება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ფიზიკური მანძილის შემცირებას, ასოცირების შეთანხმების სარგებლის სრულ გაცნობიერებას და ამ ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობის გაზრდას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.