ირაკლი ღარიბაშვილი - გამოვდივარ ინიციატივით, გამოვაცხადოთ ამნისტია საქმეებზე, რომელიც ეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უკანონოდ დარეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს
წლების განმავლობაში დაგროვდა შემდეგი პრობლემა, ჩვენმა მოქალაქეებმა უკანონოდ დაირეგისტრირეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და ეს იყო ძალიან დიდი პრობლემა, ათეულობით საქმე არის პროკურატურაში, მიმდინარეობს გამოძიება, ძალიან ბევრი გაუგებრობა მოხდა ამ საკითხზე, ჩვენ გვქონდა კონსულტაცია პროკურატურასთან, ასევე პარლამენტთან და გამოვდივარ ინიციატივით, რომ გამოვაცხადოთ ამნისტია ასეთ საქმეებზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამნისტია გავრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლებით ჩადენილ დანაშაულებზე.
„ამნისტიის ფარგლებში ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, მათ შორის აღუსრულებელი ჯარიმისგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც 2023 წლის პირველ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება. ამასთან, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც 2024 წლის პირველ სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს“, – აღნიშნა პრემიერმა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამნისტია არ გავრცელდება მოხელის, სახელმწიფო საწარმოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევებზე.
„სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების გზით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მიწის ნაკვეთის ღირებულების ეკვივალენტური თანხის გადახდის გზით. ვინც დააბრუნებს მიწის ნაკვეთს, მათ შეეხებათ, თუ არ დააბრუნებს – გადაიხდის შესაბამის ღირებულებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.