ირაკლი ღარიბაშვილი - გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, აგრესიულმა პირებმა მაინცდამაინც მედიის წარმომადგენლებზე რატომ განახორციელეს შეტევა, შესაძლოა, პროვოკატორების უკან რევანშისტული რადიკალური ძალა იდგეს
გარანტიას ვიძლევი, რომ ყველა მოძალადე, რომელიც ჩართული იყო პროვოკაციაში, სამაგალითოდ იქნება დასჯილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ლეგიტიმური კითხვაა, რატომ მაინცდამაინც ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე განხორციელდა მიზანმიმართული შეტევა. როგორც პრემიერი ამბობს, ამას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.
„სპეკულაციებზეა საუბარი, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის ვერსიაზე, როგორ მოხვდნენ აგრესიული პირები და რატომ მაინცდამაინც ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე განახორციელეს მიზანმიმართული შეტევა. ეს არის ლეგიტიმური კითხვა, რასაც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა აღნიშნული პროვოკატორების უკან იდგეს ასევე რევანშისტული რადიკალური ძალა. მეგობრებო, კარგად გვახსოვს და არავის არ დაავიწყდება, თუ რა მეთოდით მართავდნენ აღნიშნული მოძალადეები და მკვლელები ჩვენს ქვეყანას, როდესაც ხდებოდა ტერორისტული აქტების დადგმაც კი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიტიკური მიზნების მიღწევის მიზნით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.