ირაკლი ღარიბაშვილი - გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, ჩვენ წინ მივდივართ, უზარმაზარი წინსვლა გვაქვს და ასეც გავაგრძელებთ
სააკაშვილის მმართველობის პერიოდში სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რიცხვი იყო ათასობით. წელს 150 საქმე გაიგზავნა სტრასბურგში და სასამართლო სისტემისადმი ნდობა არის ევროპული საშუალო დონის ზემოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობისთვის გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
„შეერთებული შტატები არის ჩვენი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი. ძალიან დიდი მადლობა, გვინდა, გამოვხატოთ ყველაფრისთვის, რაც საქართველოს დემოკრატიისთვის, განვითარებისთვის გაუკეთებია. მეორე მხრივ, მინდა, შევახსენო ყველას, რომ ვიდრე ჩვენი მთავრობა მოვიდოდა ხელისუფლებაში, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რიცხვი არ იყო ათეულობით, იყო ათასობით. შედარებისთვის, წელს 150 საქმე გაიგზავნა სტრასბურგში და სამართლის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, სასამართლო სისტემისადმი ნდობა არის ევროპული საშუალო დონის ზემოთ, 52-55%. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგები და ინდექსები.
საქართველო არის პირველ ადგილზე არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ეს არის კანონის უზენაესობის მიმართულებით გლობალური ინდექსი. 11 ქვეყანაში ვართ და ნატო-ს წევრი 13 ქვეყნის შედარებისას, კარგი მმართველობის, გახსნილობის, გამჭვირვალობის კუთხით, კურუფციის არქონის, ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსში პირველი ვართ მსოფლიოში. არ მინდა, დეტალებში შევიდე, მაგრამ ბევრი საუბარი გვქონდა ამერიკელ მეგობრებთან, ამას განვმარტავთ შემდგომში, მაგრამ ერთ-ერთი, მინდა, ვახსენო, რომ გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ჩვენ წინ მივდივართ, უზარმაზარი წინსვლა გვაქვს და ასეც გავაგრძელებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.