ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს, რომელიც გლაზგოში იმართება.
მთავრობის მეთაური დღეს სამიტზე სიტყვით გამოვა და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან ერთად, კლიმატის ცვლილებებით შექმნილ საფრთხეებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას. სამიტში მსოფლიოს 120-მდე სახელმწიფოს ლიდერი მონაწილეობს.
შოტლანდიურ ღონისძიებათა კამპუსში, სადაც კონფერენცია ტარდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და სამიტის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში მასპინძლობენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გლაზგოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი არიან.
გაერო-ს 2021 წლის კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციაზე ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.