საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მდგრადი განვითარების მიმართულებით გაერო-ს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრეს.
„მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს გაერო-ს გენერალური მდივნის მიერ შემოთავაზებულ ტრაქტატებს, რომელთა მიზანია, გაერო უკეთესად მოერგოს არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო აფასებს ანტონიო გუტერეშის ძალისხმევას „მშვიდობის ახალი დღის წესრიგის“ შემუშავებაში, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და გაერო-ს წესდებას ეყრდნობა“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის იყო მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარება, ასევე გაერო-ს ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.
„როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა შეიცვალა, ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა კლიმატის ცვლილების ზემოქმედება და მომდინარე რისკები. არსებული გამოწვევების დასაძლევად კი ერთიანი ძალისხმევით მუშაობაა საჭირო. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გაერო-ს ფარგლებში მიღებული ანგარიშები და რეზოლუციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი მექანიზმებია.
შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ. მან გაერო-ს გენერალურ მდივანს ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მხარდაჭერისთვის, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.