ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონულ დირექტორს მირიანა სპოლიარიჩ ეგერს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო გაერო-ს განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს და სამომავლო თანამშრომლობას.
აღინიშნა, რომ ქართული მხარე აფასებს გაერო-ს განვითარების პროგრამის წვლილს საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაძლიერების, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, ასევე მნიშვნელოვანია UNDP-ის მხარდაჭერა COVID 19-ის პანდემიის პროცესში და გარემოს დაცვის სფეროში.
ხაზი გაესვა გაერო-ს განვითარების პროგრამის წვლილს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. ამ კუთხით აღინიშნა გაერო-ს განვითარების პროგრამის წვლილი ადამიანის უფლებათა ახალი, 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში.
ყურადღება გამახვილდა UNDP-ის დახმარებაზე საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის კუთხით. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა წლების განმავლობაში წარმატებული იყო და მომავალშიც გაგრძელდება. შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.
აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს გაერო-ს მხარდაჭერას, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტით დაზარალებული ოჯახების მიმართ, ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებული ჰუმანიტარული პროექტების მეშვეობით. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას, ეხმარება ქვეყანას ჰუმანიტარულად და მხარს უჭერს პოლიტიკურად, მათ შორის ყველა საერთაშორისო ფორმატში. პრემიერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის უმნიშვნელოვანეს როლს ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რევაზ ჯაველიძე.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.