ირაკლი ღარიბაშვილი FITUR 2021-ის სტუმრების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
ირაკლი ღარიბაშვილი FITUR 2021-ის სტუმრების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც, გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო ტურისტული გამოფენა FITUR 2021-ის სტუმრების პატივსაცემად გამართა.

საქართველოს დელეგაციასა და საერთაშორისო ტურისტული გამოფენის სხვა მაღალი რანგის სტუმრებს, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა მადრიდის სამეფო თეატრში უმასპინძლა.

ოფიციალური მიღების სტუმრებს სიტყვით მიმართეს გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, მადრიდის მერმა და ესპანეთის სამეფოს ინდუსტრიის, ვაჭრობისა და ტურიზმის მინისტრმა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ პანდემიის დაწყებიდან წელიწად-ნახევარში მადრიდში პირველი საერთაშორისო გამოფენის ჩატარების საშუალება გვაქვს. ეს არის ძალიან კარგი დასაწყისი, ტურიზმის აღდგენის დასაწყისი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად დავამარცხებთ ამ საშიშ ვირუსს. სიტუაცია უმჯობესდება და ჩვენ ყველა ოპტიმისტები ვართ. ჩვენ ერთად ვდგავართ და ერთად გამოვიარეთ ძალიან რთული პერიოდი. კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა მადრიდში! კიდევ ერთხელ, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის“, – მიმართა სტუმრებს ზურაბ პოლოლიკაშვილმა.