საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს, ფილიპ რიკერს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა სომხეთსა და აზერბაიჯანში გამართული შეხვედრების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა.
მათივე ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებას შეეხო. მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის კუთხით საქართველოს როლზე იმსჯელეს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები დასახეს.
აღინიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს თავის როლს, როგორც ქმედითი, საიმედო პარტნიორი და აშშ-ს ერთგული მოკავშირე რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დაესწრნენ.