ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპულმა ქვეყნებმა მკაფიოდ დაგვიჭირეს მხარი, რომ არ შეიძლება შარშან დაშვებული შეცდომის გამეორება, არ შეიძლება გაყოფა, მით უმეტეს, საქართველო რეფორმების თვალსაჩინო მაგალითია
ვისაც მე შევხვდი და ვესაუბრე, თუნდაც პანელურ დისკუსიაში ჩვენ მიმართ მკაფიოდ გამოვიდნენ ევროპული ქვეყნები და მკაფიოდ დაგვიჭირეს მხარი, რომ არ შეიძლება იმ შეცდომის გამეორება, რომელიც შარშან დაუშვეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გრანადაში განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი მიმდინარეობს.
პრემიერის თქმით, საქართველო უსწრებს იმ ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვთ მინიჭებული.
„ვისაც მე შევხვდი და ვესაუბრე, სხვათა შორის, თუნდაც ამ პანელურ დისკუსიაში, ჩვენ მიმართ ძალიან მკაფიოდ გამოვიდნენ ევროპული ქვეყნები და მკაფიოდ დაგვიჭირეს მხარი, რომ არ შეიძლება იმ შეცდომის გამეორება, რომელიც შარშან დაუშვეს. არ შეიძლება გაყოფა, მით უმეტეს, საქართველო მართლაც არის, რომ იტყვიან, თვალსაჩინო მაგალითი რეფორმების განვითარების. აღარ მინდა, გავიმეორო, რომ ქვეყანა წინ უსწრებს იმ ქვეყნებს, რომლებიც არიან სტატუსის ქვეშ დღეს. უფრო მეტიც, იცით, რომ ბევრი მიმართულებით, ჩვენი მიღწევებით უკვე ევროკავშირის მოქმედ წევრებსაც კი ვუსწრებთ. ასე რომ, მე ამაზე აღარ მინდა სპეკულირება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზიარებთ, რომ დამსახურებაზე დამოკიდებული შეიძლება იყოს გადაწყვეტილება და დასაბუთება, მაგრამ მთავარი – ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. კიდევ ვიმეორებ, როცა სტატუსი მიანიჭეს მოლდოვას, უკრაინას, ბოსნია-ჰერცეგოვინას და არა საქართველოს, ამით ყველაფერი ნათქვამია. აიღეთ პერფორმანსი, ანუ ჩვენი მიღწევები და შესრულება ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ სფეროში, აიღეთ ამ ჩამოთვლილი ქვეყნების შესრულება ნებისმიერ სფეროში და შეადარეთ ჩვენი ქვეყანა და ეს ქვეყნები. თუ დამსახურებაზეა საუბარი, პოლიტიკური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეს არის გამართლებული და ეს უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამიტომ ვამბობ და ვიმეორებ, რომ, დიახაც, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.