ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპული საბჭოს რეკომენდაციაა, რაც შეიძლება მოკლე დროში ყველამ გამოვნახოთ საერთო ენა, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ქვეყნისა და ხალხის ინტერესს
პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებული და ორგანიზებული ჩვენი დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით, დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე იყო მსჯელობა იმ საკითხებზე, რომლებთან დაკავშირებითაც ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.
პრემიერის განცხადებით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ დიალოგი გაგრძელდება.
„დღეს გავმართეთ დიალოგი, ვიმსჯელეთ მთელ რიგ საკითხებზე, იმ განსხვავებებზე, რომლებიც ჩვენ გვაქვს, მმართველ პარტიას, ხელისუფლებას და ოპოზიციას. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიციები გარკვეულ საკითხებზე, რომლებზეც გაგვაჩნია ჩვენი არგუმენტირებული მოსაზრება. ასევე მოვისმინეთ თითოეული მონაწილისგან დასმული კითხვები და მათ, რა თქმა უნდა, გავეცი პასუხი. ასევე ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს დიალოგი გაგრძელდება. რა თქმა უნდა, მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან, შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდებით და ჩვენს პოზიციას საზოგადოებას ვაცნობებთ. ევროპული საბჭოს რეკომენდაცია, მოწოდება და რჩევა იყო, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში, ჩვენ ყველამ ერთად, ოპოზიციამ, ხელისუფლებამ, გამოვნახოთ საერთო ენა, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.