ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო მზად არის, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს სტატუსს
ჩვენი ქვეყანა იმსახურებს სტატუსს. ეს არის უალტერნატივო, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ ევროპელმა პარტნიორებმა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვის დედაქალაქში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის დაწყების წინ განუცხადა.
„მოგეხსენებათ, ეს არის რიგით მეორე სამიტი, რომელიც იმართება მოლდოვაში. ვფიქრობ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები, რომლებშიც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას. მოგეხსენებათ, მთავარი თემა იქნება უკრაინის ომი და უსაფრთხოების საკითხები ევროპის კონტინენტზე და, ზოგადად, მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, მე ასევე მექნება საუბარი ჩვენს გამოწვევებზე, ჩვენი ქვეყნის გამოწვევევბზე, ჩვენს უსაფრთხოებაზე. ასევე, ბუნებრივია, გვექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე. მე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო არის მზად, მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს სტატუსს. ეს არის უალტერნატივო, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა. ეს იქნება ძირითადი საკითხები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ყველას სურვილია, ომი მალე დასრულდეს და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაში, ასევე მოხდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია.
„მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და დავაფიქსირო ჩვენი პოზიცია, ჩვენ, რა თქმა უნდა, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ჩვენი, ყველას, სურვილია, ეს ომი მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინასა და მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი სურვილი და დიდი ოცნებაა, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანად მოხდეს დეოკუპაცია, ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ დიდი მიზნის მიღწევა“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.