ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპული პერსპექტივა მივიღეთ დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, ეს კარგად გვესმის, რათა უზრუნველვყოთ უმაღლესი პოლიტიკური და ეკონომიკური თავსებადობა ევროკავშირთან
დღევანდელი საბჭოს სხდომა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა იმდენად, რამდენადაც ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ევროკომისიამ მიიღო საქართველოს მიმართ ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, პირველად ვხვდებით ასეთ გაფართოებულ ფორმატში, ვიხილავთ საქართველოს წინსვლას აი, ამ კომპლექსურ, მაგრამ ძალიან მოტივირებულ გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო მხარს უჭერს მშვიდობასა და სოლიდარობას.
„ეს გზა მიგვიყვანს იქამდე, რომელსაც საქართველო ბუნებრივად მიიჩნევს, რომ ეკუთვნის. ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები და ფასეულობები, საერთო მიზნები. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას და სოლიდარობას. ევროპული პერსპექტივა დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად მივიღეთ, აბსოლუტურად კარგად გვესმის ეს, რათა უზრუნველვყოთ უმაღლესი პოლიტიკური და ეკონომიკური თავსებადობა ევროკავშირთან, ეს ისტორიული გადაწყვეტილება აბსოლუტურად ახალ სამიზნე ორიენტირებს გვისახავს და ეს აბსოლუტურად ახალ რეალობაში ამყოფებს საქართველოს. ნამდვილად საქართველო სრულად გრძნობს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას იმ 12-ვე პრიორიტეტის მიმართ, რომელიც გამოავლინა საბჭომ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საბჭოს გადაწყვეტილებისთანავე, პირველ ივლისს წარდგენილი იქნა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელშიც კონკრეტული ვადები იყო გაწერილი თითოეული პრიორიტეტის მიმართ.
„დავიწყეთ ინკლუზიური პროცესი, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები არიან ჩართული, ოპოზიციური პარტიები, მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება, თუმცაღა უნდა ვახსენო, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ამ პროცესში არ იღებს მონაწილეობას. ჩვენ ვგრძნობთ ერთგულებას ასოცირების შეთანხმების სრულ შესრულებაზე, რომელშიც გაწერილია ამბიციური მიზნები.
ჩვენ ევროპელ კოლეგებს მოვუწოდებთ, რომ გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე საქართველო ნათლად გამოისახოს. ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ საუბარი გვქონდა უკრაინაში მიმდინარე ომზე, მათ შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე, რომელიც 2008 წლიდან დაიწყო, როცა მასშტაბური ომი წარმოებდა რუსეთთან, მას შემდეგ კი რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი. ევროკავშირის აქტიური როლი მდგომარეობს იმაში, რომ მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ ევროპელ კოლეგებს გავუზიარეთ საკუთარი შეფასება ამ საკითხთან მიმართებით და ხაზი გავუსვით ევროკავშირის მედიაციით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.
მადლობა მინდა, უმაღლესო წარმომადგენელო, გადაგიხადოთ საბჭოს სხდომის მასპინძლობისთვის. ჩვენ ერთგულნი ვართ იმ ფასეულობების, იმ მიზნების მიმართ, რომლებიც ერთად შევაჯერეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.