ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპელი მეგობრებისგან მოვისმინე, რომ მათი მთავარი მოტივაცია იქნებოდა დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ ვიხილეთ, რაც გულდასაწყვეტია
ჩვენი ევროპელი მეგობრებსგან მოვისმინე, რომ მათი მთავარი მოტივაცია იქნებოდა სწორედ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიხილეთ, რაც ძალიან გულდასაწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული განცხადება პარლამენტში, ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.
„ჩვენ ყველას გვქონდა მოლოდინი, რომ თუ ვინმე იმსახურებდა ასოცირებული ტრიოდან, არა როგორ ემოციების დონეზე, არა მხოლოდ რაღაც აღქმების დონეზე, არამედ რეალური გაკეთებული საქმის მიხედვით, და მე მოვისმინე ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ მათი პირველი, მთავარი მოტივაცია იქნებოდა სწორედ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიხილეთ, რაც ძალიან გულდასაწყვეტია ჩემთვის, ჩვენთვის ყველასთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ მოვისმინეთ ასევე შეფასებები, თურმე საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არის განსხვავებული, განსხვავებული გეოპოლიტიკური სიტუაციაა, ასევე მოვისმიენთ, რომ უკრაინას მისცეს სტატუსი, რადგან უკრაინა ომშია. გახსოვთ, ორი კვირის წინ, მე საჯაროდ მთავრობის სხდომაზე ვთქვი, რომ გვქონდა ეს ინფორმაცია ევროპელი კოლეგებისგან, მათ პირადად მითხრეს, რომ ვინაიდან უკრაინა არის ომში, მთავარ ფაქტორს ითვალისწინებენ და სწორედ ამ მოტივაციით, ამ მიზნით აძლევენ მათ სტატუსს, იმის მიუხედავად, რომ საქართველო ჩამოთვლილი ყველა პარამეტრის მიხედვით უპირობო ლიდერია. არათუ ასოცირებულ ტრიოს ეხება ეს მხოლოდ, ბევრ მოქმედ ევროკავშირის წევრ და ნატო-ს წევრ ქვეყნებს ვუსწრებთ ჩვენ ყველა პარამეტრით. სწორედ უკრაინაში ომი აღმოჩნდა გადამწყვეტი მოტივატორი იმისა, რომ მათ მისცეს სტატუსი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.