ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპელი ლიდერებისგან მოვისმინეთ, რომ უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის ავანსად მინიჭება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, არავინ დავობს, საქართველო 10 თავით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას
ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპელი ლიდერებისგან მოვისმინეთ, რომ უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის ავანსად მინიჭება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, არავინ დავობს, საქართველო 10 თავით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას

მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების განცხადებები, რომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის ავანსად მინიჭება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან უკრაინა არის ომში, მოლდოვა კი ომთან გათანაბრებულ მდგომარეობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, არავინ დავობს, რომ საქართველო 10 თავით უსწრებს უკრაინას და მოლდოვას ყველა მიმართულებით.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინასაც და მოლდოვასაც კანდიდატის სტატუსი იმავე დათქმებით მისცეს, რაც საქართველოსთვის განისაზღვრა.

„რაც შეეხება ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამ საკითხზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო ყველას – არავინ დავობს არსად, არც ევროკავშირში, მხოლოდ ამ ვიწრო ჯგუფში იმაზე, რომ საქართველო, შეიძლება ითქვას, 10 თავით უსწრებს უკრაინას, მოლდოვას ყველა მიმართულებით. ჩვენ ვიყავით და ვართ ლიდერი სახელმწიფო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. ამით არაფერი შეცვლილა, გარდა ერთი, მთავარი განმასხვავებელი სტატუსისა. ჩვენ მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების განცხადებები, გადაწყვეტილება, რომ ევროპის კავშირის უმეტესობას მხარი დაეჭირა გადაწყვეტილებისთვის – მიეცათ კანდიდატის სტატუსი ავანსად უკრაინისთვის და მოლდოვასთვის, განპირობებული იყო ერთი კონკრეტული მიზეზით. არ მინდა, ციტირება გავაკეთო, ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე ლიდერის პირდაპირი განცხადებები, რომ ვინაიდან უკრაინა არის ომში, ამიტომ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და მოლდოვა, ვინაიდან არის ომთან გათანაბრებულ მდგომარეობაში და მეტად რთულ სიტუაციაში. ჩვენ თვალს ვადევნებთ, რა ხდება ამ ქვეყანაში, მათაც ავანსად მისცეს კანდიდატის სტატუსი, თუმცა დაახლოებით იმავე დათქმებით, რომელიც საქართველოსთვის განისაზღვრა. მათ კი მიეცათ ავანსად ეს ერთგვარი წამახალისებელი სტატუსი, მაგრამ მათაც უნდა შეასრულონ მთელი რიგი რეკომენდაციები და პირობები. ჩვენ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, ამაზე ვერავინ იოცნებებდა, ვერ იოცნებებდნენ ბატონი გიორგი ვაშაძე და სხვები. ქვეყანას მიეცა ევროპული პერსპექტივა, ცხადად, ნათლად, მკაფიოდ, ერთმნიშვნელოვნად ითქვა, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი. ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვებს ვიმეორებ, ბატონი შარლ მიშელის და სხვა, ძალიან ბევრი ევროპელი ლიდერის, რომლებმაც ერთხმად აღიარეს, რომ ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. ამით ეს პროცესი, რეალურად, ერთი ციკლი დაიხურა. ეს არის დამაგვირგვინებელი, შეიძლება ასე ითქვას, ჩვენი მრავალწლიანი მუშაობის და რაც მთავარია, ნაყოფიერი მუშაობის. მე მახსოვს, ათეულობითა და ასეულობით კანონპროექტზე გვიწევდა მუშაობა. უამრავი სამუშაო გასწია მთელმა საჯარო სექტორმა პარლამენტთან, თქვენთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.