ძალიან დიდი შეცდომა იქნა დაშვებული შარშან ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან, როდესაც საქართველოს არ მიეცა კანდიდატის სტატუსი და მიენიჭათ მოლდოვასა და უკრაინას ბონუსად, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ყველა მონაცემით ვუსწრებთ მათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, ამის დასტურია დაახლოებით ორი თვის წინ გამოქვეყნებული ანგარიში, სადაც ჩანს, რომ საქართველო დღესაც უსწრებს ორივე ქვეყანას.
„საგარეო პოლიტიკას რაც შეეხება და ამ მიმართულებით არსებულ ვითარებას, მინდა, აღვნიშნო, რომ საკმაოდ აქტიურ საგარეო პოლიტიკას ვაწარმოებთ პირადად მე და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. ბოლო პერიოდი საკმაოდ დატვირთული იყო. ჩვენ არაერთი, ათეულობით შეხვედრა გავმართეთ ჩვენს პარტნიორებთან. მთავარი პრიორიტეტი არის ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. მოგეხსენებათ, მთავრობამ, პარლამენტთან ერთად, რადგან პარლამენტი იყო აქ მთავარი ამ პრიორიტეტების შესრულების ნაწილში, მაქსიმუმი გააკეთა. ჩვენ სრულად ვიყავით ჩართული ამ პროცესში.
ჩვენთვის იყო ძალიან დიდი შეცდომა, ჩვენ ასე დავარქვით, რომელიც დაშვებული იქნა შარშან ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან, როდესაც საქართველოს არ მიეცა სტატუსი და მიენიჭათ მოლდოვას და უკრაინას ბონუსად, ანუ ავანსად. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ყველა მონაცემით წინ ვუსწრებდით და დღესაც ვუსწრებთ მოლდოვასა და უკრაინას. ამის დასტურია დაახლოებით ორი თვის წინ გამოქვეყნებული ანგარიში, სადაც ჩანს, რომ საქართველო უსწრებს დღესაც ორივე ხსენებულ ქვეყანას. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი ისტორიული გადაწყვეტილება იყო და ასე შეაფასეს ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა ევროპული პერსპექტივის მინიჭება, რაზეც, შეიძლება ითქვას, რომ წინა ხელისუფლების დროს ოცნებაც კი არ შეიძლებოდა, რადგან ეს იყო აბსოლუტურად აბსტრაქტული, მიუღწეველი მიზანი და ოცნება.
ჩვენ ბოლო ათ წელში გავაკეთეთ მაქსიმუმი. თუ ვინმემ რაიმე გააკეთა ოდესმე ბოლო წლების განმავლობაში, ეს არის ჩვენი ხელისუფლება, როცა მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს. დღეს რომ ჩვენი მოქალაქეები გადაადგილდებიან უვიზოდ ევროპის ქვეყნებში, ეს არის ჩვენი, „ქართული ოცნების“ დამსახურება. ეს იყო მიუღწეველი ოცნება. ვთქვათ პირდაპირ, 2012 წლამდე ელიტა გადაადგილებოდა ევროპის მიმართულებით შეუფერხებლად. ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ ჰქონდათ ამის საშუალება, რადგან უწევდათ საკონსულოების რიგებში დგომა და ხშირ შემთხვევაში, ვიცით კარგად, რომ ეს პასუხი იყო უარი. ამიტომ ეს იყო გარღვევა, შეიძლება ასე ითქვას. ეს არის დამსახურება ჩვენი ხელისუფლების. ვინმემ თუ რაიმე გააკეთა ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“ კონკრეტული შედეგებით – ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივა.
ევროპული პერსპექტივა ნიშნავს, რომ ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა ღიად, ხმამაღლა თქვეს, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი. ასეთი ხმამაღალი განაცხადი ჩვენ არ მოგვისმენია ბოლო 30 წლის განმავლობაში. ეს ნიშნავს ძალიან დიდ მიღწევას ჩვენი გუნდის მუშაობის და დაფასებას, რომელსაც სათანადო აღიარება სჭირდება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპელ კოლეგებსა და მეგობრებს შეხვედრებზე არწმუნებს, რომ ისინი თუ არ მიანიჭებენ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება მორიგი სტრატეგიული შეცდომა ევროკავშირის მხრიდან.
„სტატუსი არის სიმბოლური მნიშვნელობის, მაგრამ მნიშვნელოვანია აუცილებლად შემდეგი ეტაპი. ჩვენმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა ყველაფრისთვის. მე ჩემს შეხვედრებში ვარწმუნებ ჩვენს ევროპელ კოლეგებს და მეგობრებს, რომ თუ ისინი არ მიანიჭებენ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება მორიგი სტრატეგიული შეცდომა ევროკავშირის მხრიდან დაშვებული. ამას უბრალოდ ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს, ხალხი, ხელისუფლება არ იმსახურებს, რადგან ბოლო ათი წლის განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ ვართ რეალურად შედეგზე ორიენტირებული ხელისუფლება, რომელსაც კონკრეტული შედეგები მოაქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ევროპელი კოლეგების თითქმის უმრავლესობა იზიარებს კანდიდატის სტატუსის შესახებ ხელისუფლების არგუმენტებს. ღარიბაშვილის თქმით, ერთ-ერთი არგუმენტია, როგორ გაიგებენ გზავნილს თუნდაც რუსეთი ან რეგიონის ის ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებული არიან ევროკავშირთან ინტეგრაციით.
„მინდა, გითხრათ, რომ კოლეგების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს ჩვენ მიერ მიწოდებულ არგუმენტებს. ასევე, ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რაც მე ვუთხარი, არის შემდეგი, როგორ გაიგებს ამ გზავნილს თუნდაც რუსეთის ფედერაცია, სხვა ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებული არიან ევროკავშირთან ინტეგრაციით, თუნდაც რეგიონში და მე ვფიქრობ, ეს არგუმენტი იქნება გაზიარებული, მოწონებული და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული წლის ბოლოს. დამსახურების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს. ასევე, 12 რეკომენდაციიდან, შეიძლება ითქვას, რომ 11 შესრულებულია. ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ. ჩვენი გუნდის წევრებს, ყველას, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ. თუ ვინმემ რაიმე არ გააკეთა სტატუსის მისაღებად და ამ რეკომენდაციების შესრულებისთვის, ეს არის უპასუხისმგებლო ოპოზიცია, „ომის პარტია“, რომელსაც არ სურს, ქვეყანამ მიიღოს სტატუსი ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ისინი ეწევიან ყველანაირ საბოტაჟს, რათა ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.