ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლეს სარდალს, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლეს სარდალს, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და აშშ-ის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორული თანამშრომლობა.
„ხაზი გაესვა იმ დიდ დახმარებას, რომელსაც აშშ წლების განმავლობაში ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, თავდაცვის შესაძლებლობების ჩამოყალიბებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის ახორციელებს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით და აღინიშნა ქვეყნის წვლილი საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. მთავრობის მეთაურმა გენერალს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო არის და დარჩება აშშ-ის ყველაზე საიმედო და ერთგულ მოკავშირედ რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. ითქვა, რომ საქართველო მიესალმება აშშ-ის უფრო აქტიურ ჩართულობასა და ინვესტიციებს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში და ეკონომიკის განვითარებასა და დაკავშირებადობაში.
პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის მხარეს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.