ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპაში არ მეგულება არცერთი ქვეყანა, რომელიც მხარს არ დაუჭერს საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადასვლას, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკვე ოფიციალურად
ევროპაში დღეს არ მეგულება არცერთი ქვეყანა, რომელიც მხარს არ დაუჭერს ჩვენი ქვეყნის შემდეგ ეტაპზე გადასვლას, ანუ სტატუსის მინიჭებას უკვე ოფიციალურად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოლოდინები არის პოზიტიური.
„ჩვენი მიზანი ახლა არის, რომ პროცესს არ ვაჩერებთ, პირიქით, ჩვენ არც შეგვიწყვეტია. თქვენ ახსენეთ რეკომენდაციები. მინდა, ვთქვა, რომ ახლა შემდეგი ნაბიჯი არის გაგრძელება, მუშაობა ამ რეკომენდაციებზე. რაც შეეხება მოლოდინს და 15 დეკემბრის გადაწყვეტილებას. დეკემბერში მისაღებია გადაწყვეტილება 27 ქვეყნის მიერ. ჩვენ ინტენსიურ მუშაობას ვაგრძელებთ. საგარეო საქმეთა მინისტრმა თითქმის ყველა ქვეყანა მოიარა და მე პირადად მქონდა კომუნიკაცია თითქმის ყველა ევროპელ ლიდერთან. მე დღეს არ მეგულება ევროპაში არცერთი ქვეყანა, რომელიც მხარს არ დაუჭერს ჩვენი ქვეყნის შემდეგ ეტაპზე გადასვლას, ანუ სტატუსის მინიჭებას უკვე ოფიციალურად, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც უკვე ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია და თქვა, რომ ისინი მიღწეულ შედეგზე დაყრდნობით აძლევენ რეკომენდაციას ქვეყანას, რომ მიენიჭოს სტატუსი. ასე რომ, ვფიქრობ, მოლოდინები არის პოზიტიური. არ მგონია, რაიმე შეიცვალოს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ჩვენ გვექნება მჭიდრო კოორდინაცია ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, კოლეგებთან და მე ვფიქრობ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.